“უნდა განვიხილოთ, ყველა შესაძლებლობა, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას და განმტკიცებას”

უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას და განმტკიცებას, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი სალომე სამადაშვილი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის, დღევანდელ განცხადებას.
მისი თქმით, თუ საკითხს სწორად მივუდგებით, ნატოში გაწევრიანების პროცესი შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისა და არაღიარების მიზნით.
„აკადემიურ წრეებში მოსაზრება არსებობს, რომ გერმანიის გამოცდილებაა, როცა ერთი ნაწილი იყო საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ, გაყოფილი ქვეყანა მიიღეს ნატოში წევრად, თუმცა გარკვეული დათქმით, რაც შესაძლოა, საინტერესო გამოცდილება იყოს საქართველოსთვის. ამაზე შესაძლოა მსჯელობა გაიმართოს და უნდა განვიხილოთ, ყველა შესაძლებლობა, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებასა და განმტკიცებას. თუ გერმანიის გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ნატოში გერმანიის მიღებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა დასავლეთის პოზიცია, რომ არ აღიარებდნენ ამ ქვეყნის დანაწევრებას საბჭოთა კავშირის მხრიდან. თუ ამ საკითხს სწორად მივუდგებით, ნატოში გაწევრიანების პროცესი შეიძლება გამოყენებული იყოს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისა და არაღიარების მიზნით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
“თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატოსგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია – როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატოში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იგივე კითხვას“, – განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები