რასმუსენი: უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატოს აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის გარეშე.
“თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატოსგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია – როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატოში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იგივე კითხვას“, – განაცხადა რასმუსენმა.