ცხინვალის მტკიცებით, ხელთ ჩაუვარდათ სუს-ის სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა სუს-ის „საიდუმლო დოკუმენტი“ გაასაჯაროვა, საიდანაც, მათივე მტკიცებით, ირკვევა, რომ თბილისს „უახლოეს ამოცანად“ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დაბრუნება აქვს განსაზღვრული.
ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის მტკიცებით, თბილისმა 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2015 წლის 24 მაისით არის დათარიღებული.
„მოპოვებულ დოკუმენტში“ საუბარია იმაზე, რომ თბილისს „დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება სურს, ან მათი შემოერთება უნდა ფინანსური შემოთავაზებების გზით“.
გარდა ამისა ე.წ. კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ 23 აგვისტოს ქართულმა მხარემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენპროკურატურის კვადროკოპტერი დააზიანა, ასევე უკანონო პოსტი განათავსა, რაც „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ წარმოებული კლასიკური ჰიბრიდული ომის ნიშნებს ატარებს“.
ე.წ. კომიტეტის მიერ გავრცელებულმა „დოკუმენტმა“ სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო.
კერძოდ, ხალხი „დოკუმენტის“ იმ ნაწილზე საუბრობს, სადაც წერია, რომ დოკუმენტი „სავსებით საიდუმლოა“, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლების აზრით, ქართულ ხელწერას არ ჰგავს.