ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია განახლდა

0

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია „ბილდმორთან“ გააფორმა.
სამშენებლო კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაიწყო. როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, შპს „ბილდმორი“ ცენტრალურ მოედანზე 557 177 ლარის სამუშაოებს შეასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, ცენტრალურ მოედანზე, ავტო საგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. დამონტაჟდება განათების სისტემა. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულებით სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80 დღეში უნდა დაასრულოს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე თავიდან 2018 წელს გამოაცხადა. ტენდერში შპს „ნიკარემსტროიმ“ გაიმარჯვა, რომელსაც სატენდერო პირობების გათვალისწინებით, კეთილმოწყობის სამუშაოები 2019 წლის აპრილის თვეში უნდა დაესრულებინა. კომპანიამ ვერც 2-თვიანი ვადის გაგრძელების შემდეგ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რის გამოც ზესტაფონის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა. ამის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოს თვეში, თავიდან გამოცხადდა ტენდერი მოედნის რეაბილიტაციაზე. ტენდერი, არ შედგა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ, კანონის შესაბამისად 2019 წლის 23 აგვისტოს, გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება შპს „ბილდმორთან“ გააფორმა. კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულებით სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80 დღეში უნდა დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი