ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებასა და განმეორებით კენჭისყრას ითხოვს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები ასტამურ კაკალია, არტურ ანქვაბი და ოლეგ არშბა ე.წ. ცესკოს მიმართავენ, რომ ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგები გაუქმდეს და განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს.
კერძოდ, მიმართვაში ნათქვამია, რომ „გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა მოიპოვა იმ შემთხვევაში თუ, კენჭისყრაში მონაწილეობა სიაში შეყვანილი ამომრჩევლის არანაკლებ 25% -მა მიიიღო“.
„ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნებში ამომრჩეველთა ნახევარი ვერ იღებს მონაწილეობას, არც ერთი კანდიდატი გამარჯვებულად არ ითვლება და ცესკო ვალდებულია განმეორებითი არჩევნები დანიშნოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ მოწოდებას ე.წ. არჩევნების მეორე ტურში გასული ალხას კვიწინიაც უერთდება, რომელიც აცხადებს, რომ „განმეორებითი არჩევნების დანიშვნას აუცილებლად მოითხოვს კანონის შესაბამისად“.
თუმცა, მისი თქმით, ე.წ. ცესკოდან რეაგირება არ ყოფილა. კვიწინია არც იმას გამორიცხავს, რომ „სასამართლოს მიმართოს“.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართა, რომლის შედეგად, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მეტოქეს მცირედით უგებს.