საქართველო გრიგოლ ფერაძის დიდ საიუბილეო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 7 ქვეყნის მეცნიერები დაესწრებიან

ინტერვიუ  წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამფუძნებელთან, პროფესორ ილია ფერაძესთან

ილია ფერაძე

– წელს, სახელოვან ქართველ მეცნიერს და სასულიერო მოღვაწეს, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს და პოლონეთის ეკლესიების წმინდანს – გრიგოლ ფერაძეს, 120 წელი უსრულდება დაბადებიდან და როგორც გახდა ცნობილი, ამ თარიღის აღსანიშნავად ტარდება პირველი საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“. რატომ პირველი?
გადაწყდა, რომ ასე დაგვერქვა, თორემ ჩვენ „გრიგოლ ფერაძის კავშირს“,  გასულ წლებში, რამდენიმე კონფერენცია აქვს უკვე ჩატარებული. წმინდა გრიგოლ ფერაძის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიდი საერთაშორისო კონფერენცია  ჩავატარეთ  2009 წელსაც, რომელიც მთლიანად ჩვენი კავშირის და საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა.
წელს კი, ამ კონფერენციის ორგანიზატორები არიან ქართველოლოგიის საკითხებზე მომუშავე მთელი რიგი ორგანიზაციები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  თსუ  ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი; ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, აგრეთვე ჩვენი – გრიგოლ ფერაძის კავშირი (საზოგადოება), ხოლო  მხარდამჭერია შოთა რუსთაველის სახელობის მეცნიერების ეროვნული ფონდი, პოლონეთის საელჩო და გურჯაანის მერია.
– 2009  წელთან  შედარებით, კონფერენცია წელს უფრო დიდ მასშტაბს მოიცავს!
– მონაწილეობის სურვილი, წელს, 7 ქვეყნის მეცნიერებმა გამოთქვეს და, 11-12 სექტემბერს, უნივერსიტეტში,  სამ სექციაში, 50-ზე მეტ  მოხსენებას მოისმენენ.
კონფერენციას დაესწრება ცნობილი ფრანგი ქართველოლოგი, პროფესორი ბერნარ უტიე.  პოლონეთიდან ჩამოდიან: გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფი და თეოლოგიის  დოქტორი ჰენრიკ პაპროცკი, აგრეთვე  ჩვენი თანამემამულე, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია, იქნებიან სტუმრები საფრანგეთიდან, იტალიიდან,  ესპანეთიდან…
მოხსენებები, ძირითადად, მიეძღვნება გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მოღვაწეობას, მაგრამ წარმოდგენილია აგრეთვე მოხსენებები ქართველოლოგიის საკითხებში.
პირველად ტარდება წელს  ეს  კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით  და გადაწყდა მისი ჩატარება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
2001 წლიდან, ყოველ წელს, 6 დეკემბერს, წმინდანის ხსენების დღეს, ვარშავაში ტარდებოდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
– დიახ, ეს კონფერენცია  შემდგომ გაფართოვდა და იქცა ევროპის ქვეყნებში კავკასიოლოგიაზე მომუშავე მეცნიერების ფორუმად. 2017 წლამდე ხსენებული კონფერენცია ვარშავაში ყოველწლიური იყო და 17-ჯერ ჩატარდა,  2018 წლიდან კი გადაწყდა ამ კონფერენციების ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ.
ხსენებული კონფერენცია ზამთარში წმინდანის გარდაცვალების დღეს  –  6 დეკემბერს ტარდებოდა,  რადგან გრიგოლ ფერაძის ეკლესიური ხსენების დღე  სწორედ 6 დეკემბერია. ჩვენ გადავწყვიტეთ, კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ,  ვარშავის კონფერენციებს შორის ჩავატაროთ და შემოდგომაზე  გაიმართოს – გრიგოლ ფერაძის დაბადების დღეს დავამთხვიოთ.
სექტემბერში კახეთში ოქროს შემოდგომაა, რთველია და უცხოელი სტუმრები ხალისით ჩამოდიან საქართველოში. ესეც გავითვალისწინეთ.
კონფერენციის დახურვის შემდეგ, 13 სექტემბერს, გრიგოლ ფერაძის დაბადების დღეს, სტუმრები ბაკურციხეში წამოვლენ. გვინდა, რომ კონფერენციის მონაწილეებმა  გრიგოლ ფერაძის ახალი სახლ-მუზეუმი ნახონ.
– ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა შარშანწინ დასრულდა…
– სახლ-მუზეუმი  ბაკურციხის  ეკლესიის ეზოში მდებარეობს. 4 წლის წინ აქ ფაქტობრივად, გრიგოლ ფერაძის მშობლების ნასახლარის ნანგრევები იყო,  რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღადგინა, ამასთან შეინარჩუნა ძველი კედლები  იმ ოთახისა, სადაც  დაიბადა გრიგოლ  ფერაძე. ამ საქმეში დიდია ბატონი ილია  დარჩიაშვილის,  მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ღვაწლი. იგი ამჟამად პოლონეთში საქართველოს ელჩია. ამ ოთახში  ახლა გრიგოლ ფერაძის ბავშვობის ამსახველი ფოტოები და ოჯახის ექსპოზიციაა მოწყობილი.
სახლ-მუზეუმი ჩვენი კავშირის მოწადინებით მოეწყო. ჩვენი გაკეთებულია მოძრავი სტენდები, ექსპოზიცია, ინტერიერი…

გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი ბაკურციხეში

13 სექტემბერს, ბაკურციხეში პარიზის  წმინდა ნინოს ქართული ეკლესის მოძღვარი არჩილ დევრიშაშვილი, ვარშავის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიის  დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი და ბაკურციხის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი ქუმსიაშვილი  ერთობლივ  წირვას ჩაატარებენ.
წირვის შემდეგ სტუმრები  დაათვალიერებენ სახლ-მუზეუმს.  სასიამოვნო სიურპრიზი იქნება, პარიზის ემიგრანტი გოგონების ანსამბლ „ქართული ჰარმონიის“ გალობა ეკლესიაში, რომლებიც საგარეო სამინისტროს დიასპორის საკითხებში დეპარტამენტის დახმარებით ჩამოგვყავს. ისინი შეასრულებენ ქართულ საგალობლებს. ანსამბლის ხელმძღვანელია ჩვენი მოგვარე ნანა ფერაძე. ამის მერე სტუმრები ეზოში ნამდვილი კახური რთველის ზეიმს დაესწრებიან. ნახავენ  ჩურჩხელების ამოვლებას, მწვადის შეწვას,  დაგემოვნებენ კახურ ღვინოს…
– კონფერენციის მასალები ტრადიციულად, ალბათ კრებულად გამოვა…
– კრებულის გამოცემა იკისრა  ვარშავის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველმა პროფესორმა,  ჩვენმა უახლოესმა მეგობარმა, დავით ყოლბაიამ. იგი ვარშავის უნივერსიტეტში გამოსცემს ქართველოლოგიურ ჟურნალს „პროგეორგიას“. როგორც ბატონი დავითი  დაგვპირდა, ერთ ნომერს მთლიანად მიუძღვნის ამ კონფერენციას. აღსანიშნავია, რომ ვარშავის უნივერსიტეტი გამოსცემს აგრეთვე გრიგოლ ფერაძის ნაშრომების სრულ ხუთტომეულსაც… უკვე გამოსულია 4 ტომი და მათგან 2 გადათარგმნილია ქართულად, დავით ყოლბაიას  მიერ.
– ვინ დაეხმარა კონფერანციას  მატერიალურად?
– კონფერენციის ორგანიზების ხარჯები, სტუმრების ტრანსპორტირება, განთავსება სასტუმროში, კვება –  ყველაფერ ამისთვის თანხა რუსთაველის ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა გამოყო.  კონფერენციას თანხა შემოსწირა აგრეთვე ჩვენი კავშირის წევრის ირაკლი ფერაძის მეღვინეობის კომპანიამ „Peradze Winery“, ასევე დაგვეხმარა კომპანია  „ჯორჯიან მანგანეზი“.
– თქვენს საოჯახო არქივში ინახება  ჩვენი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტო…
– ფოტო  ბებიაჩემის დის, მანია სიამაშვილის სახლშია გადაღებული პარიზში. მასზე აღბეჭდილნი არიან:  სალომე ზურაბიშვილი, მისი ძმა – ოთარი და თავად ბებიაჩემის და.  ბებია მანია, რომელიც  ქართველ ემიგრანტებს დიდ პატრონობას უწევდა პარიზში, უნიკალურ მაქმანებს ქსოვდა და მოდების ჟურნალ „ვოგში“ მთელი გვერდი მის ხელით ნაქსოვ მაქმანებს ჰქონდა დათმობილი, დიდ ჰონორარებსაც აძლევდნენ. იგი მარტო ცხოვრობდა ემიგრაციაში და მას ქართველი ემიგრანტები „დედა მანიას“ ეძახდნენ.

სალომე ზურაბიშვილი (მარჯვნიდან პირველი)

მოგეხსენებათ, 1921 წელს პარიზში ჩასულ ქართველ ემიგრანტებს ოჯახის წევრებიც ახლდნენ, თან ემიგრაციაშიც მრავალი ბავშვი  დაიბადა. ისინი 1931 წლამდე არ მოუნათლავთ, რადგან პარიზში მართლმადიდებელი ეკლესია არ იყო.
სალომე ზურაბიშვილის მამამ, გრიგოლ ფერაძემ და სხვა ემიგრანტებმა დააფუძნეს საქართველოს საზღვრებს გარეთ პირველი, წმინდა ნინოს მართლმადიდებლური ეკლესია.  1931 წელს, როდესაც გრიგოლ ფერაძე მღვდლად ეკურთხა და გახდა მრავალრიცხოვანი ემიგრაციის პირველი სულიერი მოძღვარი,  მას მოუწია ყველა ამ ბავშვის მონათვლა.  მათ შორის იყო სალომე ზურაბიშვილის დედა – ზეინაბ კედია, არაჩვეულებრივად  სიმპათიური ქალბატონი, რომლის ნათლიაც იყო სწორედ ბებიაჩემის და – მანია სიამაშვილი.
ცნობილია, რომ 70-იან წლებში ეფრემ მეორეს პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ორჯერ გამოუგზავნა  წერილი, გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის თხოვნით. მაგრამ ამას არვინ მიაქცია ყურადღება…
– დიახ!  80-ან წლებში მხოლოდ ჩვენი პატრიარქი, ილია II დაინტერესდა ამ ამბით და გაიგო, რომ ვარშავაში არის თეოლოგი ჰენრიკ პაპროცკი, ვინც ეძებს გრიგოლ ფერაძეზე მასალებს. მან  ვარშავაში გააგზავნა ზურაბ ჭავჭავაძე. ზურაბმა გაიცნო ჰენრიკ პაპროცკი, დაუმეგობრდა მას. მანვე ჩამოიტანა მისი პირველი სტატიები, რომლებიც თავად გადათარგმნა.  80-ან წლებში პირველმა გამოაქვეყნა კიდეც ეს მასალები.  შემდეგ გრიგოლ ფერაძეთი დაინტერესდა რეზო თაბუკაშვილი, მან დაიწყო პირველი ფილმის გადაღება გრიგოლზე. მაგრამ  ვერ დაამთავრა და ფილმი „წმიდა შტო ვაზისა“ მისმა მოწაფეებმა, მისი გარდაცვალების შემდეგ დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ  ფილმი გაახმოვანა ჩვენმა სახელოვანმა კოტე მახარაძემ.
საქართველოს პატრიარქის ილია II ინიციატივით, 1995 წელს გრიგოლ ფერაძე საქართველოს წმინდა სინოდმა – წმინდანად შერაცხა. მის შერაცხვაში დიდი როლი შეასრულა წიგნმა, რომელიც გრიგოლ ფერაძემ დაწერა სირია- პალესტინაში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ეძებდა და იკვლევდა მასალებს ქართული ეკლესიის ძეგლების შესახებ პილიგრიმების წერილებში, რომლებიც სხვადასხვა  ქვეყნის საცავებში იყო მიმობნეული.
შუა საუკუნეებში, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა, ქართული მონასტრები სირია-პალესტინაში აღმოჩნდა ბერძნების და სომხების ხელში, რომლებიც ყოველივე ქართულ კვალს სპობდნენ იქ და თავიანთი უვიცობით ვერ მიწვდნენ პილიგრიმების უმდიდრეს მასალებს, სადაც მოიპოვებოდა ეს მასალები, რომლებიც გრიგოლ ფერაძემ გამოამზეურა. მან 20-მდე  ენა იცოდა და წყაროებს ორიგინალში კითხულობდა. პროფესორ გოჩა ჯაფარიძის  წიგნის – „ქართველი ბერები და მონასტრები სირია-პალესტინაში, პილიგრიმების ჩანაწერებში“,  ქართულ ენაზე გამოსვლა, როგორც სასულიერო, ისე სამეცნიერო წრეებში ეჭვს აღარ იწვევდა,  რომ გრიგოლ ფერაძე მართლა დიდი მეცნიერი იყო. აქობამდე მისი ხსენება სსრკ-ში აკრძალული იყო. სქოლიოში მოხსენიებაც კი არ შეიძლებოდა. საქართველოში უმრავლესობამ არაფერი იცოდა მასზე. ისეთი წარმოდგენა ჰქონდათ, რადგან პოლონეთში ცხოვრობდა, კათოლიკე იყო. გრიგოლ ფერაძე ყოველთვის იყო  მართლმადიდებელი სულით ხორცამდე და ამით ამაყობდა!
– ბოლო წლებამდე პოლონეთში უფრო იცნობდნენ გრიგოლს…   წმ. გრიგოლ ფერაძის კავშირის (საზოგადოების) დამსახურებაცაა, რომ გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობის შესახებ უკვე მთელმა საქართველომ იცის…
– ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ჩვენამდე გრიგოლ ფერაძის გაცნობას მის სამშობლოში ხელი შეუწყო ბევრმა მეცნიერმა, ყველას ვერ გავიხსენებ, მაგრამ დავასახელებ: ქალბატონ დამანა მელიქიშვილს და თამილა მგალობლიშვილს, ბატონ გოჩა ჯაფარიძეს, ბუბა კუდავას, გოჩა საითიძეს, თამარ ჭუმბურიძეს და სხვებს.
ჩვენი კავშირი წელგამართული ხვდება საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 120 წელს,  რადგანაც ჩვენც მიგვიძღვის წვლილი მისი სახელის პოპულარიზებაში და გრიგოლ ფერაძის სიცოცხლეში აუსრულებელი ოცნების ხორცშესხმაში – მისი სახელი ღირსეულად დაბრუნებულიყო სამშობლოში:

გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძარი

ჩვენ რამდენჯერმე გამოვეცით წიგნები, ჩავატარეთ 3 კონფერენცია, ერთ ერთ ქუჩას დაერქვა გრიგოლ ფერაძის სახელი, თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა მისი მემორიალური დაფა, ბაკურციხეში არის გრიგოლ ფერაძის სახელობის განათლების და შრომის სახლი და იმ ეკლესიის ეზოში, სადაც დაიბადა გრიგოლი, აშენდა სახლ-მუზეუმი.
სულ ახლახან გახდა ჩვენთვის ცნობილი, ძალიან სასიხარულო რამ, რომ ტაბახმელის თავზე, ქართველი იუნკრების მემორიალის სიახლოვეს, სადაც სხვებთან ერთად იბრძოდა გრიგოლ ფერაძე და მისი ორი ძმა, 1921 წელს საქართველოში შემოჭრილი კომუნისტური ურდოების წინააღმდეგ, კოჯრის დაბა ჩერონში, გრიგოლ ფერაძის სახელზე, ახალგაზრდა ენერგიით სავსე არქიმანდრიტ ილია მარგველაშვილის და მისი მხარდამჭერების მოწადინებით,  აშენდა დიდებული ტაძარი. დღეს უკვე იკვეთება, რომ ეს უბრალო ტაძარი არ იქნება, არამედ აქ იქნება გრიგოლ ფერაძის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრი. უკვე არის ბიბლიოთეკა, ბავშვთა ოთახი, კელიები, სატრაპეზო. კვირაობით მსახურება ტარდება დაუმთავრებელ ეკლესიაში და მრევლიც ნელ-ნელა ეჩვევა იქ მისვლას.
– ჩემთვის ცნობილია, რომ გრიგოლ ფერაძის სახელს ხუთი ილიას სახელი უკავშირდება…
– მინდა საზოგადოებას სიხარულით და მადლიერებით ვაუწყო, რომ ამ საქმეში მართლაც, ნიშანდობლივია  ილიების დამსახურება…

წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე – ხატმწერი ნიკო უბილავა

პირველი არის ილია მელია, პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის მოძღვარი, მან გააგრძელა გრიგოლ ფერაძის საქმე. ილია მელია 1978 წელს შეხვდა ჰენრიკ პაპროცკის პარიზში, რომელიც იქ სასულიერო აკადემიაში სწავლობდა და დისერტაციის თემას ეძებდა. მან ურჩია, გრიგოლ ფერაძეზე მოეძია მასალები, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები პოლონეთში გაატარა. მას შემდეგ პაპროცკიმ ცხოვრება გრიგოლს მიუძღვნა, მისი დიდი დამსახურებაა, რომ გრიგოლ ფერაძე დღეს წმინდანად შეირაცხა.
მეორე ილია ბრძანდება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ვისი მოწადინებითაც გრიგოლ ფერაძე წმინდანადაა  შერაცხული.
მესამე ილია დარჩიაშვილია – ამჟამად საქართველოს ელჩი პოლონეთში. მისი შემწეობით აშენდა ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი.
– ვიცი, რომ მეოთხე ილია თქვენ ბრძანდებით, წმ. გრიგოლ ფერაძის კავშირის (საზოგადოების) ერთერთი დამფუძნებელი და თქვენი მონდომებით დაიდგა თსუში გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა და ბაკურციხეში გაიხსნა წმინდანის სახლმუზეუმი. ვინაა მეხუთე ილია?
– მეხუთე ილია კი არქიმანდრიტი ილია მარგველაშვილია, ვისი  მოწადინებითაც ტაბახმელასთან ტაძარი შენდება. და პირველი ეკლესიის მშენებლობა მის სახელზე სამშობლოში, დამაგვირგვინებელი მოვლენაა მისთვის პატივის მისაგებად. გრიგოლ ფერაძის კავშირს დიდი იმედი აქვს, რომ თავად წმინდანის შეწევნით, ტაძარი მალე დასრულდება და მადლობას სწირავს ყველას, ვინც მხარში უდგას არქიმანდრიტ ილია მარგველაშვილს ამ დიდებული საქმის დაგვირგვინებაში.
ამასთან დაკავშირებით,  მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ გრიგოლ ფერაძის საფლავი  არ არსებობს. მაგრამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არის ჩვენი მოგვარის, ქართულ – რუსულ ომში 2008 წელს გმირულად დაღუპული, უფროსი ლეიტენანტის,  ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოებული ზაზა ფერაძის საფლავი, რომელიც დაჭრილი მეგობრის დახმარებისას იმსხვერპლა სნაიპერის ტყვიამ  და კონფერენციის მერე, 14 სექტემბერს, ჩვენი კავშირის წევრები პატივს მივაგებთ მის საფლავს.
შემდეგ ავალთ კოჯორში წმ. გრიგოლ ფერაძის მშენებარე პირველ ეკლესიაში და გადავიხდით ყველა ღირსეული, წასული ფერაძეების პანაშვიდს.
წმიდა გრიგოლ ფერაძის  მადლი შეეწიოს ყველა ჩვენგანს!

 

თამარ   შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები