ლაშა დარსალია: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური არის არალეგიტიმური პროცესი
“აღნიშნული არჩევნები, გარდა იმისა, რომ არის უკანონო, მას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია – არც იურიდიული, არც პოლიტიკური და არც მორალური”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა და განცხადებები ამის შესახებ ჯერ კიდევ ე.წ. არჩევნების პირველი ტურის დროს გაკეთდა.
„ამ არჩევნებს არ აღიარებს საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოება. მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ ტერიტორიების ასიათასობით მკვიდრი მოსახლეობა არის იძულებით გადაადგილებული და დღეს იმყოფება დევნილობაში. აღნიშნული არჩევნების არაკანონიერებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ე.წ. პირველი ტურის შემდეგ გაკეთდა განცხადებები. მას არ აღიარებს საქართველო, ასევე, მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება, რაც აისახა შესაბამის განცხადებებსა და გამოხმაურებებში”, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
მისი შეფასებით, ე.წ. არჩევნებს ერთადერთი მიზანი აქვს – საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაცია, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
“აღნიშნულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს მხოლოდ ერთი სახელმწიფო, ეს არის რუსეთის ფედერაცია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ მიმდინარე პროცესებს, რომელთა ერთადერთი მიზანია ოკუპაციის ლეგიტიმაცია და ერთი შეხედვით, იმ ატმოსფეროს შექმნა, თითქოს რაიმე სახის პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს”, – დასძინა მინისტრის მოადგილემ.