ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერი – ალხას კვიწინია დაუპირისპირდებიან. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 9 კანდიდატი იყრიდა, თუმცა პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობა, ანუ 50%-ზე მეტი ვერც ერთმა “კანდიდატმა” ვერ მიიღო.
25 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებენ. განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ არჩევნებს რაიმე სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება, რადგან რეგიონში ჩატარდა ეთნიკური წმენდა, ხოლო ადგილზე ვითარებას საოკუპაციო ძალა აკონტროლებს.