ირაკლი ანთაძე: პრინციპულად მოვითხოვეთ, რომ ჩორჩანასთან უკანონო ქმედება იყოს აღკვეთილი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ გუნაცხადა, „განხილვის საგანი იყო მხოლოდ ერთი საკითხი, ეს არის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და ის უკანონო ქმედებები, რომლებიც ხორციელდება გუშინდელი დღიდან“.
„კიდევ ერთხელ წარვადგინეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და შეხვედრის მონაწილეებს განვუმარტეთ, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილზე უზრუნველყოს სტაბილურობა და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც უკანონოდ წარიმართება აღნიშნულ ტერიტორიაზე იქნება უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი და კიდევ ერთხელ პრინციპულად მოვითხოვეთ, ამგვარი ქმედებისაგან აუცილებელია ყველამ შეიკავოს თავი და აღიკვეთოს.
საკითხთან დაკავშირებით პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია და შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა. შევთანხმდით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება სიტუაციის ნორმალიზებისათვის და გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს კიდევ ერთი შეხვედრა შედგეს.
ჩვენი სურვილია, ყველა ადგილი, სადაც გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვს ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, იყოს უსაფრთხო და თავისუფალი“,-აღნიშნა ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები