ნათია თურნავა : საქართველომ 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა
2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 3.2 მილიარდ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით, თითქმის 20%-იანი ზრდა იყო.
წელსაც ჩვენ ველოდებოდით კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
თურნავას განმარტებით, რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა კიდევ უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა. როგორც თურნავა აცხადებს, ამას არსებული სტატისტიკაც ადასტურებს.
„2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 3.2 მილიარდ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით, თითქმის 20%-იანი ზრდა იყო. წელსაც ველოდებოდით კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს. მაგრამ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად, ივლისის თვეში მოგვიწია იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ თითქმის 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა საქართველომ“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, მთავრობა ანტიკრიზისული ღონისძიებებით დროულად ჩაერთო ამ პროცესებში, თუმცა ნეგატიური შედეგების სრული ნეიტრალიზება ვერ მოხერხდა.