ნათია თურნავა: საქართველო რეგიონის სატრანსპორტო ჰაბად ყალიბდება
დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ,“ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
თურნავას განმარტებით, სამინისტრო დიდი მოთმინებით ელოდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩართული ინვესტორების აქტივობებს.
„საკონტეინერო გადაზიდვების მაღალი ზრდა გვიჩვენებს, რომ არსებობს ყველა წინაპირობა იმისათვის, რათა სწრაფად განვითარდეს ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა. ვსაუბრობ ჩვენს სტრატეგიულ პროექტზე – ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. უკვე დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და დიდი მოთმინებით ველოდებით აქ ჩართულ ინვესტორებს“, – განაცხადა თურნავამ.
თურნავას განმარტებით, იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკონტეინერო გადაზიდვებში 37% -იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მისი თქმით, ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.
თურნავას შეფასებით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ საქართველო რეგიონის სატრანსპორტო ჰაბად ყალიბდება. მისი თქმით, საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების მიზნით, პარტნიორებთან ერთად ამ დერეფნის გაციფროვნების პროექტის რეალიზაცია იგეგმება.
„ეს ნიშნავს არა მხოლოდ ფიზიკურად ინფრასტრუქტურას, არამედ მართვის ძალიან მაღალტექონოლოგიურ მოდელს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი დერეფნის მიმზიდველობას“, – განაცხადა თურნავამ.