საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა რიცხვებში – ევროპამდე ისევ შორია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, იმისათვის, რომ საქართველომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ახლანდელ ეკონომიკურ დონეს მიაღწიოს დაახლოებით 18 წელია საჭირო.
როგორც სსფ-ს ანგარიშშია ნათქვამი, ეკონომიკური ზრდის დაგეგმილ საშუალო მაჩვენებლად საქართველოში 5.8 პროცენტი განისაზღვრა. შესაბამისად, სწორედ 18 წელია საჭირო იმისათვის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ ერთ სულ მოსახლეზე 10 965 დოლარს გადააჭარბოს და საქართველო დღევანდელი ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სერბეთისა და თურქეთის დონეზე გავიდეს. საინტერესოა, რომ სსფ -ს ამავე ანგარიშის მიხედვით, ზრდის დაგეგმილი ტემპით ევროპულ დონეს ყაზახეთი 7 წელიწადში მიაღწევს, თურქმენეთი -10 წელიწადში, სომხეთი – 23 წელიწადში, აზერბაიჯანი – 45 წელიწადში.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მშპ 2018 წელს საქსტატის მონაცემებით, მშპ-ს ზრდამ გასულ წელს საქართველოში 4. 8 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, აზერბაიჯანის ეკონომიკა საერთო ჯამში მხოლოდ 1 % -ით გაიზარდა. საგულისხმოა, რომ 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით აზერბაიჯანის ეკონომიკა 7,7 %-ით გაიზარდა. ანუ, გამოდის, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკა ყოველწლიურად მხოლოდ 0.9 %- ით იზრდებოდა. სპეციალისტები შექმნილ სიტუაციას ნავთობისა და გაზის ფასის არასტაბილურობით ხსნიან. რაც შეეხება სომხეთს, სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემების თანახმად, მშპ-ს ზრდამ გასულს წელს 5 % შეადგინა. სპეციალისტების შეფასებით, რომ არა გასული წლის პოლიტიკური მოვლენები ( საპროტესტო აქციები, ხელისუფლების ცვლილება), ეს ციფრი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა. როგორც ირკვევა, 2018 წლის პირველ სამ თვეში სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპმა 10 %-ს მიაღწია და სპეციალისტების მოსაზრებით, ეს ციფრი შესაძლოა 11 %- მდეც გაზრდილიყო.
რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 2003-2017 წლებში. (სსფ-ს მონაცემები)
2003 წელი : საქართველო – 11.2%; სომხეთი – 14.1%; აზერბაიჯანი – 10.2%
2004 წელი: საქართველო – 5.8%; სომხეთი – 10.5%; აზერბაიჯანი – 9.3%
2005 წელი: საქართველო – 9.6%; სომხეთი – 14.1%; აზერბაიჯანი – 28%
2006 წელი: საქართველო – 9.4%; სომხეთი – 13.2%; აზერბაიჯანი – 32
2007 წელი: საქართველო – 12.6%; სომხეთი – 13.7%; აზერბაიჯანი – 25.5%
2008 წელი: საქართველო – 2.4%; სომხეთი – 6.9%; აზერბაიჯანი – 10.6%
2009 წელი: საქართველო – -3.7%; სომხეთი – – 14.2%; აზერბაიჯანი – 9.4%
2010 წელი: საქართველო – 6.2%; სომხეთი – 2.2%; აზერბაიჯანი – 4.6%
2011 წელი: საქართველო – 7.2%; სომხეთი – 4.7%; აზერბაიჯანი – – 1.6%
2012 წელი: საქართველო – 6.4%; სომხეთი – 7.1%; აზერბაიჯანი – 2.1%
2013 წელი: საქართველო – 3.4%;სომხეთი – 3.3%; აზერბაიჯანი – 5.9%
2014 წელი: საქართველო – 4.6%; სომხეთი – 3.6%; აზერბაიჯანი – 2.7%
2015 წელი: საქართველო – 2.9%; სომხეთი – 3.3%;აზერბაიჯანი – 0.6%
2016 წელი: საქართველო – 2.8%; სომხეთი – 0.3%;აზერბაიჯანი – -3.1%
2017 წელი: საქართველო – 5%; სომხეთი- 7.5%; აზერბაიჯანი – 0.1%
საერთაშორისო რეიტინგები
საგადასახადო პროცედურების გამარტივების შედეგად, ბიზნესების კეთების რეიტინგში WB Doing Busines – მა აზერბაიჯანს 25 -ე ადგილი მიაკუთვნა. სომხეთს 41- ე ხოლო საქართველოს მე-6 ადგილი. აზერბაიჯანმა სომხეთს ფორბსისს Best countries for Business -ის რეიტინგშიც გადაასწრო. აზერბაიჯანი აქ 70-ე ადგილზეა , სომხეთი- 81 -ეზე, საქართველო- 44-ეზე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, 186 ქვეყანას შორის საქართველო მე-16 ადგილზეა, აზერბაიჯანი 67-ზე, ხოლო სომხეთი- 44 ადგილზე.
ჩრდილოვანი ეკონომიკა
2018 წელს IMF -ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. თუ კვლევის ავტორებს, ლეანდრო მედინას (Leandro Medina) და ფრიდრიხ შნიდერის (Friedrich Schneider) დავუჯერებთ, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან მიმართებით საქართველოში 53 %-ს აღემატება. 1991-2015 წლების მონაცემების თანახმად, თურქეთში ეკონომიკის 31.38% ჩრდილოვანია, რუსეთში – 38.42%, სომხეთში – 42.59%, ხოლო აზერბაიჯანში – 52.19%.
სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი, ანუ ჯინის კოეფიციენტი ამიერკავკასიაში
როგორც ცნობილია, ჯინის კოეფიციენტი მოსახლეობას შორის შემოსავლების გადანაწილებას ზომავს. რაც უფრო მაღალია მინიჭებული კოეფიციენტი, მით მეტია უთანასწორობა. სამწუხაროდ, ამ მაჩვენებლით საქართველო პოსტ საბჭოთა სივრცეში მხოლოდ რუსეთს (42.02) ჩამორჩება. რაც შეეხება ამიერკავკასიას, აქ ვითარება ასეთია- გაეროს 2016 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.0-ს (პროცენტს) უდრის, სომხეთში 31.5-ს, აზერბაიჯანში 33.7 -ს. საინტერესოა, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება, 32% ღარიბია, 37% – ზომიერად ღარიბი, 24% კი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. სტატისტიკის სპეციალისტის სოსო არჩვაძის ინფორმაციით, საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს.
უცხოური ინვესტიციები
გასული წლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ სომხეთში 254.3 მილიონ დოლარს მიაღწია. 2017 წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა უმნიშვნელოდ, დაახლოებით 5 მილიონი დოლარით, არის გაზრდილი. მთლიანად ბოლო 25 წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა სომხეთში 10 მილიარდ დოლარს არ აღემატება. სპეციალისტები უცხოელ ინვესტორთა ასეთ დაბალ აქტივობას სომხეთში და მის ირგვლივ არსებული რთული პოლიტიკური ვითარებით ხსნიან. უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, გაცილებით უკეთესია საქართველოს მდგომარეობა. საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2017 წელთან შედარებით 35 %-ით შემცირდა და 1,232 მლრდ.აშშ დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში, ბოლო 15 წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 12 მილიარდ 450 მილიონ დოლარს აჭარბებს. აშკარაა, რომ სომხეთთან შედარებით საქართველო უცხოელ ინვესტორებში უფრო მეტ ინტერესს იწვევს. კიდევ უფრო მაღალია უცხოელი ინვესტორების ინტერესი აზერბაიჯანთან მიმართებაში. ნავთობი და გაზი -სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ეს ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს უცხოელი ინვესტორების მაღალ ინტერესს. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, 2006 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ (მიმდინარე ფასებში) 44 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს ცხრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 4.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელს 28,1 %-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები