ბუნებრივ აირზე მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდება

თბილისის მერია ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ტენდერი ახალი ავტობუსების შესაძენად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ყვითელი ფერის ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით. უკვე შევიძინეთ 90 ერთეული MAN-ის ტიპის ავტობუსი. მათგან 40 ერთეული მოწოდებულია და თბილისის მოსახლეობა სარგებლობს. ველოდებით დარჩენილი 50 ერთეულს, რომელიც ივლისში უნდა შემოსულიყო, თუმცა კომპანიას დამზადებასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები შეექმნა. ამ ავტობუსებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და კომპანიას გარკვეული შეფერხებები აქვს. ძალიან მალე მოგვაწოდებენ და თბილისის მოსახლეობას ექნება საშუალება, ამ ავტობუსებით ისარგებლოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, უკვე შესყიდულია რვამეტრიანი, ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსი, რომელთა მოწოდება უახლოეს მომავალში დაიწყება.
„ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ყველგან არის სპეციალური საავტობუსო ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში საცობების გარეშე, შეუფერხებლად გადაადგილდებოდეს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, ე.წ. ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს, რაც მოსახლეობის დისკომფორტთან ერთად, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები