კახა კალაძემ მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დედაქალაქისთვის.
„მინდა გამოვეხმაურო სამთავრობო ცვლილებებს და ბატონ მამუკას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ის ყოველთვის გვერდში ედგა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ეს აისახა საქმითაც: დედაქალაქის წლევანდელი ბიუჯეტი მართლაც განსხვავებულია წინა წლებთან შედარებით და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები დედაქალაქის მასშტაბით.
თქვენ იცით, რომ უამრავი პრობლემაა და ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება. მე ყოველთვის მითქვამს: ერთობა, ერთად დგომა და გუნდურობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ღირსეულად დავუდგეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს აქტუალურია ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა, ასევე, წარმატება უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს.
„მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, წარმატებები ვუსურვო მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც, ერთიანი ძალისხმევით და თანამშრომლობით შევძლებთ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ დედაქალაქისთვის. ამას ჭირდება ბევრი მუშაობა, ძლიერი ზურგი ცენტრალური ხელისუფლების სახით, რომ შესაძლებელი იყოს ცენტრალური ბიუჯეტიდან უფრო დიდი ტრანსფერის გაკეთება, რომ მოვაგვაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს თბილისს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები