რა კავშირი აქვს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს რუსეთის არჩევნებთან, ნავალნისთან და ხადარკოვსკისთან
საოკუპაციო ძალები თითქმის ერთი თვეა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან პროვოკაციულ ქმედებებს ახორციელებენ. დღეს მოვლენათა ეპიცენტრმა სოფელ ჩორჩანისკენ გადაინაცვალა, სადაც ქართულმა მხარემ საპოლიციო სტანდარტული საგუშაგო განათავსა, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები კი ულტიმატუმის ტონით საგუშაგოს დემონტაჟს ითხოვენ.
მიმდინარე მოვლენებს რუსული მედიაც ეხმიანება და მიუთითებს იმაზე, რომ პროცესები გლობალურ ხასიათს ატარებს და რუსეთის დასუსტებისკენ არის მიმართული.
გაზეთი „ვზგლიად“ წერს, რომ საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე პროცესების მიღმა რუსი ოპოზიციონერები ალექსეი ნავალნი და მიხაილ ხადარკოვსკი დგანან. თითქოს, ხადარკოვსკის ინტერესებს საქართველოში მცხოვრები ეგორ კუროპტევი ატარებს, რომელიც მისი ორგანიზაციის „ღია რუსეთის“ სამხრეთ კავკასიის ოფისს ხელმძღვანელობს.
სტატიის ავტორი წერს, რომ კუროპტევი გამყოფი ხაზიდან განცხადებებს ხშირად აკეთებს, ევროპარლამენტარებს ახლავს და მოვლენებს გამიზნულად სწორედ რუსულ ენაზე ახმოვანებს.
„კვირასთან“ საუბარში ეგორ კუროპტევი ადასტურებს, რომ ხშირად იმყოფება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გუგუტიანთკარში, ხურვალეთში, ატოცში და ყველა იმ სოფლებში, სადაც ირღვევა მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების, უფლებები, ასევე არის მკვლელობები და საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებები. მისი თქმით, ამ სოფლებში ჩასვლა და მოსახლეობასთან გასაუბრების მიზანია საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მათთვის მიუწვდომელია რუსეთში მედიათავისუფლების არარსებობის პირობებში, ან დამახინჯებულად მიეწოდებათ.
კუროპტევი ასევე რუსული მედიის ნარატივში კრემლის კვალს ხედავს, რადგან მისი აზრით, არჩევნების და რუსეთში მიმდინარე აქციების ფონზე, მოსკოვს ის პირები სჭირდება, რომელთა ხსენებამ შესაძლოა არსებული საპროტესტო მუხტი ჩააცხროს.
„კრემლი ცდილობს ყველაფერში გარე ძალები, იგივე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ნავალნი, ხადარკოვსკი და ვინმე სხვა დაადანაშაულოს, ვინც კეთილ და კარგ პუტინს ჩრდილს აყენებს.
მედიის საშუალებით ის ცდილობს მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ ქართველები კი არ არიან რუსეთის პრეზიდენტის მიმართ უკიდურესად უარყოფითად განწყობილი, არამედ ამას პროვოცირებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ახლა კი ნავალნი და ხადარკოვსკიც მიაბეს. ყველაფერი შიდა უადიტორიაზეა გათვლილი. სწორედ ჩემი აქტივობიდან გამომდინარე ამიღეს სამიზნედ. როდესაც გლობალურ დონეზე იტყუებიან, იტყუებიან დეტალებშიც. არც ხადარკოვსკი და არც მისი ორგანიზაცია არ არის წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიაში. ხადარკოვსკის ორგანიზაციაა „ღია რუსეთი“, ჩვენი კი „თავისუფალი რუსეთი“.
მათთვის მნიშვნელოვანია ხალხს აჩვენონ, რომ სიბოროტის სათავეში აშშ, ნატო, ებრაელები, ხადარკოვსკი, ნავალნი – ყველა გაერთიანდა და მათ ემუქრებიან, ემუქრებიან კეთილ პუტინს. ჩვენი ორგანიზაცია დაკავებულია იმით, რომ ცდილობს ადამიანებს უამბოს კრემლის იმ აგრესიული ქმედების შესახებ, რომლითაც ის არის დაკავებული, ყველამ იცოდეს პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ, რომლებიც ამ დრომდე მოსკოვის ციხეებში იმყოფებიან; იცოდნენ იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ამ ხელისუფლებას ახლავს. მათ უნდათ უთხრან ელექტორატს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ყველაფერი დაიმორჩილა და თქვენც ხომ არ გინდათ დაგიმორჩილონ?! ყველაფერი მასობრივ ელექტორატზეა გათვლილი“, – აღნიშნავს ეგორ კუროპტევი.
