მამუკა ბახტაძე: არასდროს მქონია ილუზია, რომ მოკლევადიანი ტაქტიკური ნაბიჯები, რომლებიც პოლიტიკაში პოპულარულია, უნდა ყოფილიყო ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო

მე არასდროს არ მქონდა იმის ილუზია, რომ მოკლევადიანი ტაქტიკური ნაბიჯები, რომლებიც პოლიტიკაში პოპულარულია, უნდა ყოფილიყო ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ბახტაძის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ახალი ეკონომიკური მოდელის დანერგვა და ეკონომიკური მოდელი, რომელიც შეიქმნა და დაინერგა, თავის შედეგებს უკვე იძლევა.
„ჩემი პოზიცია იყო ცნობილი და გუნდი იზიარებდა და დღესაც სრულფასოვნად იზიარებს, რომ ის ძველი მოდელი რაც იყო, იყო ძალიან დამაზიანებელი ჩვენთვის და ის ვერ უზრუნველყოფდა უმთავრესს, სიღარიბის დაძლევას. მე ყოველთვის აქცენტს ვაკეთებდი სტრატეგიულ განვითარებაზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პრობლემები და ფუნდამენტური ცვლილების გარეშე, ფუნდამენტურ პრობლემას ვერ მოერევი. ეს იქნებოდა საზოგადოების მოტყუება. შესაბამისად, ეს ეკონომიკური მოდელი, რომელიც შეიქმნა და დაინერგა, თავის შედეგებს უკვე გვაძლევს. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ის სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, რომელიც შეიქმნა, ეს იქნება ის მთავარი სახელმძღვანელო, რითაც გაგრძელდება შემდეგი წლების განმავლობაში ქვეყნის განვითარება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ქვეყნის სათავეში”. – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მისი ამოცანა იყო, შექმნილიყო ისეთი განვითარების სტრატეგიული ჩარჩო, რომელიც ძირეული პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფდა. ბახტაძის განცხადებით, ამ ჩარჩოს დადებითი შედეგები მომავალში გამოჩნდება.
„თქვენ ხართ ჟურნალისტები და საქართველოს მოქალაქეები. მომავალში, ვთქვათ 10 წლის შემდეგ, გექნებათ იგივე ტიპის კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან. თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ხომ არ გაქვთ სურვილი, რომ დაუსვათ იგივე შინაარსის შეკითხვები 10 წლის შემდეგ პოლიტიკოსებს, იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. არავის არ გვაქვს ამის სურვილი. სწორედ ეს იყო ჩემი ამოცანა, რომ ჩვენ შეგვექმნა ისეთი განვითარების სტრატეგიული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფდა ამ ძირეული პრობლემების მოგვარებას. არასდროს არ მქონია ილუზია და ყოველთვის გულწრფელი და პირდაპირი ვიყავი, როგორც საზოგადოებასთან, ისე გუნდთან საუბარში. ეს ჩარჩო ჩვენ უმოკლეს ვადაში შევქმენით და დავნერგეთ. მაგრამ, ამ ჩარჩოს დადებითი შედეგები, რა თქმა უნდა, გამოჩნდება მომავალში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა განათლების სექტორის მიმართულებით განხორციელებულ მასშტაბურ ინვესტიციებზე და განმარტა, რომ მისი შედეგები მომავალში დადგება.
„განათლების სექტორი რომ ავიღოთ, მასშტაბური ინვესტიციების, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და იცით, რომ მომავალ წლებში უფრო გაიზრდება და პიკს მიაღწევს 2022 წელს, ის შედეგები სულ სხვა დროს დადგება და ჩვენ, როგორც პოლიტიკური ძალა, შეიძლება სულაც არ ვიყოთ ამ პოლიტიკური დივიდენდის მიმღები, მაგრამ ეს ქვეყნისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მისი ამოცანა იყო, რომ გუნდთან ერთად შექმნილიყო სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, რომელიც სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას უზრუნველყოფდა.
„მე, „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი, ვარ სწორედ ამ მიდგომისთვის, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ არჩევნებიდან არჩევნებამდე, ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ არა მომავალი არჩევნების საქმე, არამედ საქართველოს მომავლის საქმე. ეს იყო პრინციპულად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, მე მაქვს მოლოდინი და არ მგონია, ვინმე არარაციონალურად მოიქცეს, რომ ის მოდელი, რომელმაც აჩვენა თავისი შედეგები დაიწყოს მისი შეცვლა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები