“არის ბევრი რამ, რაზეც მადლობა უნდა გადავუხადოთ პრემიერს, არის ნაკლოვანებებიც, რომელსაც ვხედავთ ზოგადად, ხელისუფლების საქმიანობაში”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხვალისთვის გახდება ცნობილი.
ამასთან, ჩუგოშვილის თქმით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხვალინდელი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდგომ მოხდება.
„პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. ამაზე თავად გააკეთა განცხადება და საკმაოდ დეტალურადაც. მამუკა ბახტაძე საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად ხვდება მედიის წარმომადგენლებს და მისი პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი, ამ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება იმას, თუ რა ცვლილებები გველოდება წინ, ხვალ გვექნება დამატებითი მსჯელობა. პარტიაში გაიმართება პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა და შესაბამისად, საზოგადოებას მოვახსენებთ კანდიდატის თაობაზე და ასევე იმის თაობაზე, დამატებითი ცვლილებები არის თუ არა მოსალოდნელი მინისტრთა კაბინეტში.
ჯერჯერობით, თავს შევიკავებ საუბრისგან, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი მსჯელობები გვქონდა, მაგრამ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით მას შემდგომ, რაც პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერის რანგში შეძლო დადებითი რეფორმების გატარება, თუმცა მისივე თქმით, იყო ნაკლოვანებებიც.
“არის ბევრი რამ, რაზეც მადლობა უნდა გადავუხადოთ პრემიერ-მინისტრს, არის ბევრი ნაკლოვანება, რომელსაც ვხედავთ ზოგადად, ხელისუფლების საქმიანობაში. ჩემთვის ბევრი რამ გამოჩნდა მას შემდგომ, რაც რეგიონებში დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრა და ჩანს რაღაც საკითხები, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სერიოზულად ყურადღება. თუმცა, სხვადასხვა პროგრამები, რომლებზეც ის მუშაობდა, მათ შორის განათლებასთან დაკავშირებული, მასწავლებლების ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ა.შ. არის მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარების დონეს წაადგება. ალბათ, ბევრი მსგავსი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ისევ ჯობს, თავად ისაუბროს თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები