პრემიერი – „მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის სწორი და გააზრებული გამოყენება“
საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ეკონომიკურ ამოცანებს უნდა პასუხობდეს, მას აქვს რეალური შანსი გახდეს მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი.
ამის შესახებ ბახტაძის განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე უნდა პასუხობდეს ეკონომიკურ ამოცანებს. ჩვენ გვაქვს რეალური შანსი და მსოფლიოს ვთავაზობთ, საქართველო გახდეს მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი შემდეგ სექტორებში:
• საერთაშორისო ბიზნესში;
• ინოვაციებში;
• განათლებაში;
• ტურიზმსა და
• ლოგისტიკაში.
საქართველოს პოზიციონირება ევრაზიის კონტინენტზე უნდა იყოს აზიელებისთვის როგორც კარიბჭე ევროპაში, ხოლო ევროპელებისთვის ის ევროპული ქვეყანა, რომელიც დამაკავშირებელი ხიდია აზიასთან.
მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის სწორი და გააზრებული გამოყენება, რათა ეს ისტორიული შანსი არ გავუშვათ ხელიდან. ამისათვის აუცილებელია:
• ინოვაციების განსავითარებლად, სტარტაპების ახალი ეკოსისტემის წარმატებით დანერგვა;
• თავისუფალი ვაჭრობის არეალის შემდგომი გაფართოება;
• საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველი საგადასახადო და საოპერაციო გარემოს შექმნა (კანონი, რომელიც ძალაშია პირველი ივლისიდან, უპრეცედენტოა მსოფლიო მასშტაბით);
• ელექტრონული რეზიდენტობის სისტემის დანერგვის დასრულება;
• რეგიონული მნიშვნელობის კაპიტალის ბაზრის შექმნა“,-ნათქვამია განცხადებაში.