ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს პასპორტი აღმოაჩნდა, რომლის მიხედვით რუსულ სპეცსამსახურებთან მისი კავშირი იკვეთება.
Der Spiegel-მა Bellingcat-თან და The Insider-თან ერთობლივი გამოძიება ჩატარდა.
ეჭვმიტანილი ევროკავშირის ტერიტორიაზე ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოხვდა.
სავიზო ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი 49 წლის არის და მას ვადიმ ანდრეევიჩ სოკოლოვი ჰქვია, დაიბადა ქალაქ ირკუტსკში. ამასთან, ინფორმაციაში მან სანქტ-პეტერბურგში საცხოვრებელი სახლის მისამართი მიუთითა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მსგავსი გვარის მქონე ადამიანის პოვნა ვერც რუსეთის ეროვნულ საპასპორტო რეესტრში და ვერც მართვის მოწმობის რეესტრში მოხერხდა.
მეორე მხრივ, ეჭვმიტანილის პასპორტის ნომერის მიხედვით, ის კავშირშია მოსკოვის შსს სამმართველოს იმ ქვედანაყოფთან, რომელიც ადრე გრუ-ს აგენტებისთვის დოკუმენტებს გასცემდა.
კრემლში 28 აგვისტოს განაცხადეს, რომ მას რუსეთის სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მოაბიტის რაიონში 23 აგვისტოს მოკლეს.
თავდამსხმელი მას ველოსიპედით მიუახლოვდა და მაყუჩიანი პისტოლეტით თავში ესროლა, ამის შემდეგ კი მიმალვა სცადა.
49 წლის ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, პროკურატურა მისი დაკავების ორდერს ითხოვს.
Der Spiegel გამოძიებაზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ ხანგოშვილი შესაძლოა მისი საქმიანობის გამო მოეკლათ. ამ ვერსიის სასარგებლოდ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ხანგოშვილი საქართველოს შსს-ში ანტიტერორისტულ განყოფილებაში მუშაობდა და 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.
„თავდასხმის მცდელობის შემდეგ ხანგოშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მოსკოვის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. მეორე თავდასხმის მცდელობის შემდეგ ის საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე გერმანიაში მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა“,-აღნიშნავს Der Spiegel.
DW-მ კი დაწერა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება, შესაძლოა, ქალაქ კარლსრუეს ფედერალურ პროკურატურას გადაეცეს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას იძიებს.
ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს პანკისში, სოფელ დუისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.