მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა 7 %-ით გაიზარდა
2019 წლის ივლისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 7.0 პროცენტით გაიზარდა და 154.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.6 პროცენტით გაიზარდა და 19.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით გაიზარდა ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (98.0 პროცენტით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ზრდაში 0.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმაც (9.8 პროცენტით), რაც ძირითადად იტალიიდან (26.5 პროცენტით), საბერძნეთიდან (13.3 პროცენტით) და პოლონეთიდან (64.9 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე გერმანიიდან გზავნილების მატება. რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა უკრაინიდან (46.5 პროცენტით) გზავნილების მატებამ. ზომიერად მოიმატა აშშ-დან და ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობამ. მეორე მხრივ, უარყოფითი წვლილი ზრდაში ჰქონდა თურქეთიდან (-1.0 პპ) და რუსეთიდან (-2.8 პპ) ფულადი გზავნილების კლებას. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (34.5 პროცენტი) და რუსეთი (25.2 პროცენტი) წარმოადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია საბერძნეთისა და იტალიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.