მამუკა მდინარაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა სინგაპურის პარლამენტში შეხვედრა გამართეს
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, სინგაპურის პარლამენტში სინგაპურის რესპუბლიკის სოციალური და ოჯახის განვითარების კომიტეტის თავჯდომარესთან სიან კიან პენგთან და განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, დენისე პუასთან შეხვედრა გამართეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა სინგაპურელ კოლეგებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხებოდა მადლობა გადაუხადეს.
მხარეებმა სინგაპურის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელი განიხილეს, რომლის შედეგადაც სინგაპურმა უზრუნველყო სწრაფი და ინკლუზიური განვითარება. სინგაპურის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებით განათლებისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმირების პროცესში.
ეს იყო პირველი შეხვედრა ქართველ და სინგაპურელ პარლამენტარებს შორის. მხარეებმა გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა სამომავლოდ გააქტიურონ ძალისხმევა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით.