პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს, რათა შემდგომ ესკალაცია არ მოხდეს. მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რუსეთიდან წამოსულ პროვოკაციებზე ქართული მხარე არ წამოეგოს.
“რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე წუთში დაიწყება მეორე შეხვედრა. საქართველოს ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს პოლიციის საგუშაგოსთან დაკავშირებით. ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას სრულად და მუშაობს, რომ შემდგომი ესკალაცია არ მოჰყვეს ამ პროცესს. ხელისუფლება შეძლებს იმას, რომ დღევანდელი მოლაპარაკება დასრულდეს იმდაგვარად, რომ საგუშაგო დარჩეს, სადაც არის. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.
ქართული მხარე წინა უპასუხისმგებლო ხელისუფლებისგან განსხვავებით, ცდილობს იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობა შევინარჩუნოთ იმგვარად, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, რომლებიც მოდის რუსეთის მხრიდან. ეს პროვოკაციები გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც დაიწყო ფიქსირება მავთულხლართების და შემდგომ სხვა პროცესები. ჩვენ გვმართებს გონიერება, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.