სოსო მანჯავიძე: ის ვითომ მუქარის წერილი გახარიასგან, რა ქნეს, ჩაატარეს ექსპერტიზა თუ როგორაა საქმე?

„ტყუილსაც აქვს თავისი ესთეტიკა, ცოტა თავი უნდა გაანძრიო, როცა იტყუები“, – ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში ხაზარაძე-ჯაფარიძის დღევანდელ ერთობლივ ბრიფინგს ეხმაურება.
„ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრიფინგთან და პროკურატურის პასუხთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა.
ეს ადამიანები თვლიან, რომ საქართველოში ვერავინ აზროვნებს, თუ ფიქრობენ, რომ ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით გავლენ ფონს?
თუ ბრიტანეთის მხარის ინიციატივით შედგა კომუნიკაცია ბრალდებულთა ფინანსური აქტივობების შესახებ, როგორც ამას პროკურატურა გვეუბნება, თუ არავითარი ანტიტერორისტული ცენტრისთვის არ მიუმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რაში დასჭირდათ ასეთი ტყუილი?არ გაირკვეოდა ეს საკითხი, თუ მართლა იდიოტებად მიაჩნიათ ჩვენი საზოგადოება?
მე პირადად, არ მავიწყდება ის ვითომ მუქარის წერილი გახარიასგან, პარლამენტში რომ ააფრიალა ბატონმა ხაზარაძემ და იმუქრებოდა, ლონდონში მაქვს გაგზავნილი ექსპერტიზაზეო.რა ქნეს, ჩაატარეს ექსპერტიზა თუ როგორაა საქმე?
ტყუილსაც აქვს თავისი ესთეტიკა, ცოტა თავი უნდა გაანძრიო, როცა იტყუები, მთლად ორღობეში ხომ არ ვცხოვრობთ ჯერჯერობით. ისე, „თეთრი ხმაურის“ აქციების დაფინანსებისას კი უნდა ეფიქრათ შედეგებზე პატივცემულებს, მაგრამ საკუთარი ულტრალიბერალური „მწერალთა კავშირის“ ვარსკვლავებმა, ეტყობა, არ მისცეს სათანადო რჩევები. არც სავახშო საქმიანობა აღვიძებს სამყაროში სწორად ორიენტირების იმპულსებს.
მარტო უკუღმართობის საყოველთაოდ აღიარებულ ეტალონებთან დაანონსებული თანამშრომლობის პერსპექტივა რად ღირს. აქ, ცხადია, პირველ რიგში, რესპუბლიკელნი და ბერძენიშვილები იგულისხმებიან, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ“, – წერს სოსო მანჯავიძე “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
ცნობისათვის, „თი ბი სი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ მათი ფულადი სახსრები ბრიტანეთში არის კრიმინალური წარმოშობის. ჯაფარიძის შეფასებით, ამის მიზანია, ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები