„სხვები ფიქრობდნენ, რომ ბავშვს ვიღაც გადაარჩენდა, ამას არ უფიქრია!“… – 23 აგვისტო გურამ რჩეულიშვილის გარდაცვალების დღეა
მწერალ გურამ რჩეულიშვილის გარდაცვალების დღეს – 23 აგვისტოს ჟურნალისტი და ფილოლოგი მარინა გოგოლაშვილი ეხმიანება ფეისბუქის ქსელში და გურამის უცნობ ფოტოს აქვეყნებს.
„…აბასთუმანში, ჭიქა არაყზე, გურამი დამხრჩვალაო, სხვათა შორის, ბიჭებმა მითხრეს…“ – ეს მოხდა 59 წლის წინ, მაგრამ ეს გურამი, მურმან ლებანიძის მეგობარი, დღესაც 26 წლისაა და დღესაც ტონის მიმცემია ახალუხლებთათვის. მქონდა ბედნიერება, გურამ რჩეულიშვილის მეგობარი, სანდრო მამასახლისი, ყოფილიყო ჩემი ლექტორი და მისი უამრავი მონათხრობით შემექმნა ჭაბუკი – რაინდის სახე-ხატება, რომელმაც რაღაცნაირად, თამაშ-თამაშით, სიკვდილთან თავზეხელაღებული შეთამამებით წარუშლელად დაამკვიდრა სიკეთის, კეთილშობილების, მორალური ბიჭობის კულტი 80-90 -იანი თაობის ახალგაზრდებში.
მახსოვს, ჩემი მეგობარი ბიჭები მას ბაძავდნენ ჩაცმულობაში (და შესაბამისად, ცდილობდნენ – ცხოვრების სტილშიც) გაგანია ზაფხულშიც კი სამთო ბათინკებით, მკერდზე ჩახსნილი შავი პერანგებით დადიოდნენ და მხოლოდ გვიანი შემდგომიდან მოიცვამდნენ ხოლმე ე. წ. დუტებს. გოგონებს, რა თქმა უნდა, მოგვწონდა გურამის „ასლები“, თუმცა, აბა, მოწონებას როგორ გამოვხატავდით? (გასული საუკუნე იდგა ჯერაც) პირიქით, ტუჩაბზუებით ვბურტყუნებდით: „რჩეულიშვილობანას თამაშობს… არა და ძალიანაც კარგი, ასე რომ იქცეოდნენ…
ყოველ 4 ივლისს (გურამის დაბადების დღეს) და 23 აგვისტოს (მისი გარდაცვალების დღეს) ახალგაზრდების ზღვა ღელავდა ვაკის ძველ სასაფლაოზე, სადაც გურამ რჩეულიშვილია დაკრძალული. რას არ ნახავდით იქ: წერილები, ყვავილები, დღიურები, რომლებსაც მასზე ყურებამდე შეყვარებული ნინველი გოგონები ტოვებდნენ, სადაც სიყვარულს უხსნიდნენ მას, ვინც 20-30 წლის წინ მიჰფარებოდა სამზეოს და მაინც 26 წლის, მათზე ოდნავ უფროსი, ან მათი ტოლ ბიჭი იყო. მახსოვს, ერთხელ მეც ჩავწერე ჩემს დღიურში: ისე უნდა მოხვიდე და წახვიდე, რომ საეტაპო იყო…“
კიდევ მახსოვს, გურამის საფლავის შუაზე გადაბზარული ქვა, რომელზეც ცხენზე ამხედრებული გურამი – გრაგნილით ხელში, ამოკვეთა გოგი ოჩიაურმა. მახსოვს ამეკვიატა ერთი ფიქრი: „ისეთი იყო, იქ, იმ ვიწრო სამარეში რა მოასვენებდა? ალბათ, მკერდით ამოარღვია მიწა და ამოვიდა, სხვაგან წავიდა – მეთქი… “ (თუმცა ეს სხვაგან სად იყო, მაშინ არ ვიცოდი…). დღემდე ასე მჯერა!
დღეს გურამის სხვაგან წასვლის დღეა!
P.S. სასკოლო პროგრამაში მისი ორი არაჩვეულებრივი მოთხრობაა შეტანილი: „უსახელო უფლისციხელი“ „და „ალავერდობა“.
მე თუ ვინმე მკითხავს, გურამის ცხოვრება უნდა დაიწეროს ადაპტირებულად და სათანადო აცენტებით და შევიდეს სასკოლო პროგრამაში, როგორც თავისუფლების, ტოლერანტობისა და მოქალაქეობრიობის ნამდვილი ტრენინგი ან ჰიმნი…
*
სურათზე, რომელიც ჩემი მეგობრების მეგობრის კედლიდან პირატულად მოვიტაცე, გამოსახულია გურამ რჩეულიშვილი დახრჩობამმდე ორი-სამი დღით ადრე, გაგრის (მაშინ საქართველოს შემადგენლობაში იყო, ისევე როგორც მთელი აფაზეთი) პლაჟზე. სურათს აქვს საოცარი წარწერა: „სხვები ფიქრობდნენ, რომ ბავშვს ვიღაც გადაარჩენდა, ამას არ უფიქრია!…“ – აი, ეს არის გურამი!
***
უდიდესი ბოდიში და უღრმესი მადლობა ჩემთვის უცნობ ცოტნე ჯავახიშვილს, ქართული ლიტერატურული სამყაროსთვის ამ მნიშვნელოვანი ამ სურათის გამო“, – წერს მარინა გოგოლაშვილი.
გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა ზღვაში უცნობი რუსი ტურისტების გადასარჩენად შევიდა. იგი დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
თამარ შაიშმელაშვილი