მწვანე ტბა მოლაშქრეებისა და ექსტრემალებისათვის გამორჩეული და საყვარელი ადგილია

მწვანე ტბა მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილიდან 6 კილომეტრში, ტყეებით გარემოცულ ქვაბულში, ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე. იგი ნაომვარის მთის ძირში, ალპურ ზონაში იმ ქედების შუაში მდებარეობს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ჰყოფს. ზედაპირის ფართობი შეადგენს 0,05 კმ²-ს. ტბის უდიდესი სიღრმე 19,4 მ-ია.

ტბა თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. წყალი სასმელად ვარგისია, თუმცა წყალსატევში თევზი არ არის.

ტბას წიწვოვანი და წიფლის ხემცენარეები აკრავს, სწორედ ამიტომაა, რომ წყალს მწვანე ელფერი აქვს. მწვანე ტბა მარაგდება მთის წყაროებით და, სწორედ ამიტომ, ტბაში ბანაობა ყინულივით ცივი წყლის გამო ბევრს არ შეუძლია.

ტბაზე წასვლა გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარშია შესაძლებელი. ზამთრობით ტბასთან მისვლა რთულია თოვლის მაღალი საფარის გამო, თუმცა ექსტრემალებისთვის ადრე გაზაფხულზე ტბის ზედაპირზე გადაკრულ სქელ ყინულზე “გასეირნებაც” ძალიან საინტერესოა.

მწვანე ტბა მოლაშქრეებისა და ექსტრემალებისათვის გამორჩეული და საყვარელი ადგილია. იგი ასევე საუკეთესო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და წყლის ველოსიპედებით ტბაზე გასეირნებისთვის.

ფაქტები: მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტეტი;

მანძილი ბათუმიდან: 116 კმ;

მანძილი ხულოდან: 36 კმ;

ზღვის დონიდან: 2058 მ;

მარშრუტის ტიპი: საავტომობილო, 4X4;

სეზონი: მაისი-სექტემბერი;

ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები