ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში თვითნებური სამუშაოების გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რეაგირებას მოახდენს

სოფელ ტიმოთესუბნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსში მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა, – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამოქალაქო პირების შეტყობინების საფუძველზე ავრცელებს.
„საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. მოწოდებული ფოტომასალაზე სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.
უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების შედეგების სამართლებრივი შეფასებისა და აღკვეთის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი სოფ. ტიმოთესუბანში 20 აგვისტოს გაემგზავრება. მონიტორინგის ვიზიტის მსვლელობაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაერთვება ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარი, რომლის განმარტებით აღნიშნული ქმედების შესახებ არც ეპარქიას და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია. სამუშაო ჯგუფის სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლების ხარისხს შეისწავლიან და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ.
ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.
მოწოდებული ინფორმაციისთვის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს და საზოგადოების წევრებს ამ ტიპის თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები