ქეთევან ციხელაშვილი: ოკუპაციის პირობებში გარანტიები არ არსებობს

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გაგრძელდება თუ არა ბორდერიზაციის პროცესი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ოკუპაციის პირობებში გარანტიები არ არსებობს.

ამის შესახებ ციხელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ორი ნაწილი აქვს ამ ყველაფერს, ერთი არის, რომ კონკრეტულ პირებთან, ამ შემთხვევაში რაზმაძეს და გუგუტიშვილს ვგულისხმობ, განისაზღვროს, რა ზომები შეიძლება გატარდეს იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ხდება. რაზმაძისა და გუგუტიშვილის ოჯახს დევნილის სტატუსი აქვს და თავის დროზე მათი სახლების დაბომბვის გამო მათ მიიღეს კომპენსაცია. ეს არ მომხდარა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ბუნებრივია, სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯი. ანუ, უშუალოდ გუგუტიშვილისა და რაზმაძის ოჯახთან დაკავშირებით, მე გუშინაც, დღესაც მქონდა კონსულტაციები, როგორც ადგოლობრივ თვითმმართველობასთან, ასევე შესაბამის სხვა უწყებებთან. ძალიან გამოკვეთილი სურვილია, რომ მათ დავეხმაროთ. რა ფორმას მიიღებს ეს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ აქვთ დევნილის სტატუსი, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. მათაც ჰქონდათ გარკვეული ხედვები, როგორ შეიძლება უფრო ეფექტური იყოს დახმარება იმ პირობებში, როცა ამ ოჯახებს სხვა ოჯახების მსგავსად, რომელთაც სახლები დაუზიანდათ და ვეღარ აგრძელებენ იქ ცხოვრებას, თავის დროზე ჰქონდათ გარკვეული კომპენსაცია მიღებული“,-განაცხადა ციხელაშვილმა.
ციხელაშვილის თქმით, მთავარია, რომ ადგილზე არ მოხდეს ვითარების ესკალაციის პროვოცირება, რითაც მოსახლეობა დაზარალდება.
„გარანტია ოკუპაციის პირობებში, ძალიან დიდი ბოდიში, არ არსებობს. მაშინ იქნება ეს საკითხი ამოწურული, როდესაც ჩვენ მივაღწევთ მთავარ მიზანს – საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას და თითოეული სანტიმეტრი ამ მავთულხლართების დაიშლება ასევე მშვიდობიანად. ამიტომ ოკუპაციის პირობებში გარანტიები არ არსებობს. არსებობს მუდმივი ძალისხმევა, სახელმწიფოს მუდმივი მონდომება და მე მგონია, რომ უნდა იყოს საზოგადოებისაც და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, თუ მთლიანად არა, არის ძალიან ჩართული და იზიარებს ამ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ ეს პროცესი შევაკავოთ, არ მივცეთ იმის საშუალება, რომ რაიმე ტიპის პროვოცირება მოხდეს ესკალაციის და ჩვენი მოსახლეობა დამატებით არ დაზარალდეს“, – აცხადებს ციხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები