პესკოვი: მოსკოვის საპროტესტო აქციები პოლიტიკური კრიზისი შედეგი არ არის

“ვლადიმირ პუტინი მოსკოვში მიმდინარე აქციებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ კრემლში მათ რაიმე განსაკუთრებულად არ აფასებენ”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსეთში ყოველდღიურად ხდება უამრავი რამე, რაც, ბუნებრივია, პრეზიდენტის ყურადღების საგანს წარმოადგენს. სულაც არ არის საჭირო, ყველა მათგანზე მან საკუთარი აზრი დააფიქსიროს. საპროტესტო აქციების მსოფლიოში ყველგან იმართება, ისინი კონკრეტული საკითხებით არის გამოწვეული. არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ ის, რაც ხდება, პოლიტიკური კრიზისია“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, უნდა მოხდეს გამიჯვნა კანონიერ აქციასა და არეულობის მოწყობის მცდელობებს შორის.
„როსგვარდიისა“ და პოლიციის ქმედებაზე საუბრისას პესკოვმა თქვა, რომ „სამართალდამცველები საკუთარ საქმეს აკეთებენ“.
მოსკოვში არასანქცირებული საპროტესტო აქციები 14 ივლისს, 27 ივლისსა და 3 აგვისტოს გაიმართა.
10 აგვისტოს აქცია ქალაქის მთავრობასთან იყო შეთანხმებული, დასაშვები ადამიანების რაოდენობა 100 ათასით განისაზღვრა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 10 აგვისტოს აქციაზე 40 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.
რაც შეეხება არასანქცირებულ აქციებს – ისინი ადამიანების მასობრივი დაკავებებით სრულდებოდა, პოლიტიკოსებს კი აქციების დაწყებამდე აკავებდნენ.
საპროტესტო მუხტის მიზეზი მოსკოვის დუმის არჩევნებში დამოუკიდებელი ოპოზიციური დეპუტატების არდაშვება გახდა. რუსეთის ცესკო-ს მტკიცებით, კანდიდატებმა ხელმოწერები გააყალბეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები