კურტ ვოლკერი: საქართველოს ჯარი არ დგას რუსეთში, რუსული ჯარი დგას საქართველოში

“რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას, რუსეთის ჯარი დგას საქართველოში”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატო-ში, კურტ ვოლკერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, რუსეთს სურს, განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამის მიზანი კი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის გამართლებაა.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ კითხვა, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, დღესაც ხშირად ისმის და ინტერესდება, რას უკავშირებს ამას ვოლკერი, ვის აძლევს ხელს საუბრის ამ კუთხით წარმართვა.
“პირველ ყოვლისა, ვისაუბროთ ფაქტებზე. ფაქტებით ცხადია, რუსეთი საქართველოზე უდიდეს ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის, სამხედრო ზეწოლასაც, დაახლოებით, ორი წელს. ამაში შედის საქართველოს დრონის ჩამოგდება, რადარების დაბომბვა, დღეს ოკუპირებულ და მაშინ გაერო-ს მიერ დაცულ კონფლიქტურ ზონებში სამხედრო პერსონალის გაზრდა, ჯარების შემადგენლობის შეცვლა, საინჟინრო ბატალიონების გადაყვანა. ყველაფერი ეს მიუთითებდა იმისკენ, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და საქართველოზე ზეწოლას ახორციელებდა. შემდეგ კი იყო სამხედრო წვრთნები, რომლის დროსაც რუსეთი საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანას აპირებდა. საქართველომ ამაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა ამ ყველაფრის მანამდე შესაჩერებლად, ვიდრე ვითარება გაუარესდებოდა. შეიძლება, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველომ იმ კონკრეტულ დღეს პირველი ტყვია გაისროლა, მაგრამ ეს [არგუმენტი] მთლიანად ცდება კონტექსტს, რომელიც იმაზე მიანიშნებს, თუ რა ხდებოდა ამ კონფლიქტში.
რუსეთს სურს, განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო იმიტომ, რომ, მათი გადმოსახედიდან, ეს ამართლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას. მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, გარდა თავად რუსეთისა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ნარატივის შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენ, ვიყავით თუ არა იქ, ვიცნობდით თუ არა საკითხებს მაშინ, თუ მათ შესახებ ახლა ვსწავლობთ, მნიშვნელოვანია, ჩუმად არ ვიყოთ და რუსეთის ეს შეხედულება კამათის გარეშე არ გავატაროთ”, – აცხადებს კურტ ვოლკერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები