პუტინის, ალიევისა და როუჰანის სამიტი გადაიდო – იგეგმებოდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხის განხილვა
რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გადაიდო, ის მოგვიანებით ჩატარდება.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
სამიტი სოჭში 14 აგვისტოს უნდა გამართულიყო.
ვლადიმირ პუტინს, ილჰამ ალიევსა და ჰასან როუჰანის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ასპექტები, ასევე, რეგიონული კომუნიკაციების საკითხები უნდა განეხილათ.
გარდა ამისა, როგორც 11 აგვისტოს ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ის ორმხრივი შეხვედრების გამართვასაც გეგმავდა.
იგეგმებოდა, ასევე, სამიტის შემაჯამებელი განცხადების გაკეთება.
ასეთი ფორმატის სამიტი პირველად 2016 წლის აგვისტოში ბაქოში ილჰამ ალიევის ინიციატივით გაიმართა. მაშინ განხილვის ძირითადი საკითხები იყო ერთობლივი ეკონომიკური პროექტები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. სამიტის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც მხარეები თანამშრომლობის მზაობას ადასტურებდნენ ისეთ სფეროებში, როგორებიც არის ტერორიზმი, რეგიონალური კონფლიქტების დარეგულირება, კასპიის ზღვაში ურთიერთქმედება, ენერგეტიკის სფერო, ტრანსპორტში და სხვა.
მომდევნო შეხვედრა 2017 წლის 1-ელ ნოემბერს უკვე თეირანში გაიმართა. განიხილებოდა ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის საკითხი, ასევე, სირიის კონფლიქტის დარეგულირება და კასპიის ზღვაში თანამშრომლობის საკითხი.