ესტონეთში, „სპუტნიკისა“ და „ბალტნიუსის“ აკრძალვის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ესტონეთში, რუსული საინფორმაციო საიტების – „სპუტნიკისა“ და „ბალტნიუსის“ აკრძალვის მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა.
ERR-ის ინფორმაციით, პეტიციის შემქმნელები „ესტონეთში პროპაგანდისტული, მტრული არხების ქმედების რეგულირების შესახებ“ სამართლებრივი ნორმების შემოღებას ითხოვენ, რომ მოხდეს ამ საიტების აკრძალვა, რადგან ისინი „ესტონეთის საზოგადოებაში კონფლიქტს აღვივებენ, ესტონეთის შესახებ არაობიექტურ ან ისეთ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც საზოგადოების გახლეჩის მიზეზი ხდება“.
ლატვიაში ივლისის ბოლოს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „ბალტნიუსი“ იმის გამო დაბლოკეს, რომ ის „როსია სეგოდნიას“ ნაწილია, მისი ხელმძღვანელი კი ევროკავშირის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი დიმიტრი კისელიოვია.
ესტონეთმა ეს ნაბიჯი არ გადადგა.
იმ შემთხვევაში, თუ 10 სექტემბრამდე პეტიცია 1000 ხელმოწერას შეაგროვებს, პარლამენტი ვალდებულია, ის განიხილოს. ამჟამად, პეტიციას ხელი 190-მა ესტონელმა მოაწერა.