ათენის მახლობლად ტყის ხანძარი მძვინვარებს, ტურისტები ევაკუირებულნი არიან (ვიდეო)

ათენის მახლობლად, კუნძულ ელაფონისოსთან მეხანძრეები ტყის ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე ათასი ტურისტის ევაკუაცია განახორციელა.
Associated Press-ის ინფორმაციით, ხანძარს სულ მცირე 141 მეხანძრე აქრობს, გამთენიისას მათ 8 სპეციალიზირებული ვერტმფრენი შეუერთდა.
სახელმწიფო სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, უქმეებზე საბერძნეთში ხანძრის 63 კერა დაფიქსირდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სულ მცირე, ერთი საცხოვრებელი სახლია დამწვარი.
რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთის რამდენიმე რაიონში, ძლიერი ქარის და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის საფრთხის უმაღლესი, მეხუთე დონე გამოცხადდა.
მეტეოროლოგები, სამი დღის განმავლობაში, ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებდნენ, ამასთან, ქარის სიჩქარე წამში 17 მეტრი იქნებოდა, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.
საფრთხის „მეხუთე“ დონე გამოცხადდა, ატიკაში, ცენტრალურ საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, კერძოდ, კორინფში, არგოლიდში, არკადიასა და აღმოსავლეთ ლაკონიაში.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა, ასევე, ურჩევდა მათ თავი აარიდონ ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც ხანძრის ან არაკონტროლირებადი ვითარების გამოწვევა შეუძლია.
სახანძრო სამსახური და სამოქალაქო დაცვის ყველა ძალა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს.
2018 წლის ივლისში, ატიკას რეგიონში, ტყის ხანძრის გამო, ქალაქი მატი მთლიანად დაიწვა. ხანძარს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები