საბერძნეთში ხანძრის საფრთხის უმაღლესი, მეხუთე დონე გამოცხადდა
საბერძნეთის რამდენიმე რაიონში, ძლიერი ქარის და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის საფრთხის უმაღლესი, მეხუთე დონე გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა გაავრცელა.
მეტეოროლოგები, სამი დღის განმავლობაში, ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ, ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს, ამასთან, ქარის სიჩქარე წამში 17 მეტრი იქნება, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.
საფრთხის „მეხუთე“ დონე გამოცხადებულია, ატიკაში, ცენტრალურ საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, კერძოდ, კორინფში, არგოლიდში, არკადიასა და აღმოსავლეთ ლაკონიაში.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ასევე, ურჩევს, თავი აარიდონ ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც ხანძრის ან არაკონტროლირებადი ვითარების გამოწვევა შეუძლია.
სახანძრო სამსახური და სამოქალაქო დაცვის ყველა ძალა საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივლისში, ატიკას რეგიონში, ტყის ხანძრის გამო, ქალაქი მატი მთლიანად დაიწვა. ხანძარს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.