პოლიციის მიერ დაკავებულები თბილისში, სადარბაზოებში მალავდნენ ნარკოტიკებს – ინტერნეტით გასაღების სქემა გაშიფრულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1995 წელს დაბადებული გ.ა., 2003 წელს დაბადებული დ.ს. და 1985 წელს დაბადებული ს. ო.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ  საშუალებას ონლაინსაკომუნიკაციო აპლიკაცია “ტელეგრამის” მესენჯერის მეშვეობით ასაღებდნენ.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული  ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 7 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია 66 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღო.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები