პროკურატურა: ვახტანგ წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება

ტელეკომპანია ,,პირველის” დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ვახტანგ წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით ,,თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

გამოძიების ფარგლებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, სწორედ ამ თანხის – „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M”-დან მიღებული 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დაგეგმილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები