გიორგი მიქაუტაძე: თუ ავიღებთ მოცემულობას, რომ აყვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კარგი იქნებოდა, სამოქალაქო დავებშიც იყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

„კარგს რასაც ვხედავ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში არის ის, რომ საზოგადოებას აქვს აქტიური როლი მართლმსაჯულების პროცესში, თავად მონაწილეობენ და თავად იღებენ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს ანა დოლიძის შემდეგი კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „რას ფიქრობთ, არსებობს ასეთი იდეა, რომ ზუსტად, როგორც ამერიკაშია, ნაფიცი მსაჯულები დავუშვათ სამოქალაქო საქმეებშიც, განსაკუთრებით ზიანის ანაზღაურების საკითხებზე, როგორ შეხედავდით თქვენ ამას?“
„კარგს რასაც ვხედავ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში, არის ის, რომ საზოგადოებას აქვს აქტიური როლი მართლმსაჯულების პროცესში, თავად მონაწილეობენ და თავად იღებენ გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი ტვირთია, იყო მოსამართლე, მართლა ძალიან დიდი ტვირთია. მე მახსენდება საწყისი წლები, როდესაც პირველად მომიწია სასამართლო სხდომის დარბაზში შესვლა. ეს არ იყო მარტივი. დღეს ვნერვიულობდი, აქ რომ მოვედი, მაგრამ იმ განცდას ვერ შევადარებ ვერაფერს. ეს იყო, ალბათ, ყველაზე დიდი განცდა და ნერვიულობა ჩემს ცხოვრებაში, რომ სხვისი საქმე უნდა გადაგეწყვიტა და ამაზე შემდგომ ხელი მოგეწერა და სრულად აგეღო პასუხისმგებლობა და ეს განცდა დღემდე ასე არის. ეს განცდა თუ ექნება ერთხელ მაინც გამოცდილი მოქალაქეს, მე ვფიქრობ, მას აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება ექნება სასამართლოს წინაშე და იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო, რასაც მართლმსაჯულების განხორციელება ჰქვია. სამოქალაქო კუთხით, რესურსები იქნება პრობლემა. თუ ჩვენ ავიღებთ იმ მოცემულობას, რომ რესურსებიც გვაქვს და აყვავებულ ქვეყანაშიც ვცხოვრობთ და მხოლოდ ჩვენი იდეების რეალიზაციაზე ვართ მომართული, ბუნებრივია, მე დავეთანხმებოდი ამას და კარგი იქნებოდა, რომ იყოს სამოქალაქო დავებშიც გამოყენებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები