„გალტ & თაგარტსი“ – ქართული ღვინის ექსპორტი აზიაში 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება

„გალტ & თაგარტმა“ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიის კვლევის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, “საქართველოს ბანკის” კორპორატიული კლიენტები, მცირე და საშულო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
კვლევის მიხედვით, 2019 წელს მოსალოდნელია სექტორის, დაახლოებით, 10%-იანი წლიური ზრდა. ეს მოლოდინები 2018 წელს ყურძნის რეკორდული მოსავლიდან და ექსპორტის ზრდის ტენდენციებიდან გამომდინარეობს. კვლევაში საუბარია, რომ 2013-2018 წლებში ღვინის ექსპორტი არატრადიციულ ბაზრებზე გასამმაგდა, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა ამ ბაზრებზე ქართული ღვინის დაბალი ცნობადობის პირობებში. იმის გათვალისწინებით, რომ აზიაში ღვინის მოხმარება საკმაოდ მზარდია, ამ ბაზრების მიმართულებით შესაძლებელია ქართული ღვინის ექსპორტის 120 მლნ აშშ დოლარამდე ზრდა მომდევნო 5 წელიწადში, რაც გადააჭარბებს რუსეთიდან მიღებულ ამჟამინდელ შემოსავლებს.
„ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია. 2013-18 წლებში სექტორის შემოსავლები, თითქმის, გაორმაგდა და, დაახლოებით, 870 მილიონი ლარი შეადგინა. ღვინო საქართველოს მე-4, ხოლო ბრენდი მე-8 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია. 2018 წელს საქართველომ ღვინისა და ბრენდის ექსპორტიდან 305 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩვენი გათვლებით, 2019 წელი სექტორისთვის, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კარგი წელი იქნება და შემოსავლები, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები