ტესტირების საგანგაშო შედეგი – ადგილობრივი წარმოების 28 სახეობის ცემენტიდან სტანდარტს მხოლოდ 6 აკმაყოფილებს
2019 წლის ივლისის ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის ოცდარვა სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის ცხრა (9) პროდუქტმა (32%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი. ცხრა ნიმუშიდან ოთხი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა. შემოწმებული ოცდარვა ნიმუშიდან ცხრამეტმა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან ხუთმა კი, 28 დღის შემდეგ, შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ იმ ექვსი კომპანიიდან, რომელთა პროდუქციამაც გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი, 3 მათგანი ცემენტის წარმოებისთვის მოიხმარს ადგილობრივად წარმოებულ კლინკერს, ხოლო მათი წილი ჯამური წარმოებული ცემენტის მოცულობის 70% შეადგენს. დანარჩენი ცხრამეტი პროდუქტი, რომელმაც შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლებელზე დაბალი შედეგი აჩვენა, სრულად წარმოებულია იმპორტირებული კლინკერით.
2019 წლის ივლისის ფარული ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა 2019 წლის იანვრის ტესტირების შემდეგ გააუარესა პროდუქციის ხარისხი. კერძოდ, იანვრის თვეში შემოწმებული ოცდაცხრა ნიმუშიდან თხუთმეტმა გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (52%), ხოლო შემოწმებული ოცდაცხრა ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ გადალახა, აქედან შვიდმა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.
2019 წლის ივლისში საქართველოს ცემენტის ასოციაციის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, სადაც სააგენტოს გადასცეს კვლევის შედეგები და, ასევე, გააცნეს საქართველოს ცემენტის ბაზარზე არსებული სავალალო მდგომარეობა. როგორც ცნობილია, 2019 წლის 15 იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. “საქართველოს ცემენტის ასოციაცია” იმედოვნებს, რომ სააგენტო იქნება აქტიური და შეურიგებელი უხარისხო პროდუქციასთან ბრძოლის საკითხში.