საგარეო საქმეთა სამინისტრო, სოხუმის აეროპორტიდან „საერთაშორისო ფრენების“, სავარაუდო, განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას პასუხობს
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “კვირას” განუცხადეს რომლითაც უწყება ოკუპირებული აფხაზეთის გეგმას პასუხობს, „სოხუმის“ აეროპორტიდან „საერთაშორისო ფრენების“ განხორციელების შესახებ.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარტები
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას. ICAO-ს წესდების მიხედვით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან. ამგვარად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარტები“,–ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს “კვირასთვის” მიწოდებულ ინფორმაციაში
26 ივლისს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სხდომა ჩატარდა, რომლის შედეგად გაირკვა, რომ დე ფაქტო მთავრობა დაბა ბაბუშერაში მდებარე აეროპორტიდან „საერთაშორისო ფრენების“ განხორციელებას გეგმავს.
დე ფაქტო მთავრობამ დადგენილებაც მიიღო,რომლის მიხედვითაც 1-ელ ნოემბრამდე უნდა მოხდეს ე.წ. რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების მიზნით ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მომზადება.
გეგმის თანახმად, სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება, საიდანაც რეგულარული „საერთაშორისო საჰაერო“ გადაზიდვები და ფრენები განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ „სოხუმს“ ფრენების განხორციელებისთვის სპეციალური კოდი სჭირდება, რომელიც მას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO -მ 1993 წელს მოუხსნა, რადგან საქართველოს ერთიანობას სცნობს. იკაო-ს კოდის აღდგენისთვის კი, სოხუმს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციაში შუამდგომლობა დასჭირდება.
თუმცა, მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ დე ფაქტო მთავრობას როსტოვის ოლქის საჰაერო სივრცეში მიბმა და მათი URAS-ის ოთხასოანი კოდის მიღება სურს.