ლევან კალანდაძე: ბიზნესმა პარტნიორობის განცდა არ უნდა დაკარგოს

ბიზნესი ხელისუფლებასთან პარტნიორობის განცდას თუ არ დაკარგავს, მზად არის, ხელისუფლებასთან ერთად იმუშაოს და ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი” განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები ბიზნესთან მიმართებაში ნებისმიერი რეგულაციის თუ ცვლილების დაგეგმვისა და განხორციელების დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ჩინოვნიკი ნებისმიერ ცვლილებას თავის კაბინეტში მოიფიქრებს და იმწამსვე გაატარებს. ამას ბიზნესთან კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის ჩართვა სჭირდება. ბიზნესისთვის მოსალოდნელი რეგულაციებისა და ცვლილებების ფორმალური გაცნობა შედეგის მომტანი არ არის. ყველაზე კარგად ბიზნესმა იცის, ამ ცვლილებას ბიზნესგარემოში რისი დაზიანება შეუძლია. ხელისუფლებამ გადაწყვეტილებების ბიზნესთან ერთად მიღება უნდა ისწავლოს. ეს პასუხისმგებლობის ბიზნესთან ერთად აღებას და გაზიარებას ნიშნავს. ე.წ. ოქროს სიის გაუქმების ამბავი იყო ბრწყინვალე მარგალიტი, როგორ არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალანდაძემ.

ამასთან, ლევან კალანდაძის მოსაზრებით, მთავარია, ბიზნესმა პარტნიორობის განცდა არ დაკარგოს.

„დღეს ბიზნესი მზად არის, რომ ხელისუფლებასთან ერთად იმუშაოს, პასუხისმგებლობა მასთან ერთად აიღოს და ქვეყანას მიხედოს. ქვეყანას ბიზნესმა უნდა მიხედოს. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციაში ისეთი ტიპის ჩავარდნები, ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გაიღვიძებ და თავზე ციდან დაგეცემა, ბიზნესს პარტნიორობის განცდას აკარგვინებს“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ „ბიზნესპარტნიორში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები