მამუკა ხაზარაძე: ჩვენმა ეკონომიკამ ორ დღეში პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე, როგორც ექვსი თვის წინ, უზარმაზარი ზარალი მიიღო

ჩვენმა ეკონომიკამ ორ დღეში პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე, როგორც ექვსი თვის წინ, უზარმაზარი ზარალი მიიღო, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.
ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მათ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ.
„ჩვენ გამოვცხადდით სასამართლოში, როდესაც მოგვმართეს. მინდა, დავაფიქსირო რამდენიმე ფაქტი, პირველი: პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე ვეფარებოდით „თიბისი ბანკს“ და „ანაკლიას“, რათა იმუნიტეტად გამოგვეყენებინა ეს კომპანიები. ჩვენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ამ უპასუხისმგებლო აბსოლუტურად ქვეყნის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც მთელს მსოფლიოში მოჭრა თავი ქართულ საინვესტიციო გარემოს, ორჯერ მოგვიწია გადადგომა. მეორე გადადგომა გუშინ მოხდა და ეს მას შემდეგ, რაც ჩვენ 98 პროცენტით აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა.
ამას მოყვა ფაქტი, რომ ხუთ წუთიანი მასალების გადმოსაცემად პროკურატურამ ჩაატარა მესამედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგვინა ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგვინა მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ორი დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით. ჩვენმა ეკონომიკამ ორ დღეში პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე, როგორც ექვსი თვის წინ, ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზარალი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები