პაატა ბაირახტარი: ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს
“დღეს ეროვნული ვალუტა იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა – პაატა ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაირახტარი ლარის კურსის ვარდნას ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორებით ხსნის.
„ბევრი საკითხის ერთობლიობა დაემთხვა, რომელმაც ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის არასტაბილურობაზე; ესენი იყო თუნდაც არასწორი მონეტარული პოლიტიკა, ეროვნული ბანკის ჩაურევლობის პოლიტიკა, რიგითი ადამიანების პროვოკაცია, რომელმაც ლამის ჩამოშალა ეკონომიკა, ეგზოგენური ფაქტორები. თუ გავიხსენებთ, პირველად მდგომარეობა თურქეთის ფაქტორის შემდეგ დამძიმდა, როდესაც თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ დათმო პოზიციები. როგორც გვჩვევია, პირველ გაუფასურებებს ვუპასუხეთ სრული იგნორით, არ მოხდა არანაირი კომუნიკაცია, არანაირი ბერკეტების გამოყენება.
დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემები – ქვეყანაში ნაკლები ვალუტა შემოდის. ჩამორჩენა გვაქვს, ორი წელია, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეროვნული ბანკის არის პასუხისმგებელი ეროვნული ვალუტის კურსზე. ეროვნული ბანკის დამოკიდებულება, რომელიც გულისხმობს ცალმხრივად ჩარევას ან ჩაურევლობის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებს ლარს.
იმ არცთუ პოზიტიური ეკონომიკური პარამეტრების მიუხედავად, რომელიც დღეს გვაქვს, ეროვნული ვალუტა იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს. აქ უკვე მივდივართ ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან. ასეთ დროს საჭიროა გარკვეული მჭიდრო კოორდინაცია საზოგადოებასთან, სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებთან გარკვეული განმარტებების გაკეთება“, – განაცხადა ბაირახტარმა.
ცნობისთვის, 26 ივლისს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.91 ლარია, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება კი – 3.24 ლარი.
თამუნა შეყილაძე