გიორგი ცუცქირიძე ფრენების სუბსიდირებაზე: საჭიროა იმისთვის, რომ ეკონომიკური სიტუაცია დასტაბილურდეს

“ეს საჭიროა იმისთვის, რომ ეკონომიკური სიტუაცია დასტაბილურდეს”, – ამის შესახებ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებას ფრენების სუბსიდირებასთან დაკავშირებით გამართლებულად მიიჩნევს.
„როცა რუსეთის მხრიდან ავიარეისების შეჩერება გაურკვეველი ვადით მოხდა, ამან ძალიან სერიოზულად იმოქმედა ტურისტულ ინდუსტრიაზე. რუსი ტურისტების ნაკადი, დაახლოებით, 25 %-მდეა შემცირებული. ყველაზე დიდი დარტყმა ამ ნაკადების შემცირების გამო მიიღო მცირე ბიზნესმა, ეს ეხებათ პატარა ზომის სასტუმროებს. დეტალურად ვიცი, რა პრობლემები შეიქმნა ამ სექტროში. ნომრები აგვისტოს ჩათვლით იყო დაჯავშნული, პრაქტიკულად, ყველა ჯავშანი გაუქმდა. ჯავშნების გაუქმებამ ადგილობრივები ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩააყენა. ეს კომპენსაცია რას ემსახურება – ის ადამიანები, რომლებიც კიდევ ფიქრობენ საქართველოში ჩამოსვლაზე და არ უნდათ ლარსიდან შემოსვლა, სწორედ ამ სეგმენტზეა ეს გათვლილი. მე ვამართლებ ამ გადაწყვეტილებას. ეს იმ დანაკარგების ნაწილობრივი კომპენსაციისკენაა მიმართული, რომელიც ტურისტულმა ინდუსტრიამ და, ზოგადად, ეკონომიკამ მიიღო.
რისთვისაა საჭირო ამ სუბსიდირების გაკეთება? ზუსტად იმისთვის, რომ დასტაბილურდეს ეკონომიკური სიტუაცია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო. მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და, პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.
დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს. ასეთ მიმართულებად  კი რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და, ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები მიიჩნევა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები