რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფონზე, სომხეთში ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას შეიმუშავებენ
სომხეთი უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში უნდა იყოს დასრულებული.
როგორც პრესკონფერენციაზე სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი „რბილი ძალა“ იქნება.
მისი თქმით, პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დავალებით, შეიქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც სტრატეგიის შემუშავებაზე იზრუნებს.
გროგირიანი აღნიშნავს, რომ ახალი დოკუმენტის შემუშავების საჭიროება ძველი კონცეფციის არააქტუალურობით არის გამოწვეული, რომელიც 12 წლის წინ შემუშავდა.
„რეგიონში რეალობაა შეცვლილი – ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც არის, აშშ-სა და ირანის ურთიერთობა. სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოხდა, ასევე, ის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა, ევროკავშირთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. გარდა ამისა, სომხეთის ხელისუფლებამ 2016 წლის აპრილში ყარაბაღში განვითარებული მოვლენები უნდა გაითვალისწინოს და მომავალში მსგავსი რამ არ დაუშვას“, – განაცხადა გრიგორიანმა.
მისი თქმით, მუშაობაში, საერთო საფრთხეების გათვალისწინებით, ყარაბაღელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.