რა არის საარსებო მინიმუმი და როგორ ითვლიან მას საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს.
საარსებო მინიმუმს საქართველოს სტატისტიკის სამსახური ე.წ. სასურსათო კალათის მიხედვით ადგენს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების მიხედვით განისაზღვრა. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება, დღეში 2300 კილოკალორიის მიღებას გულისხმობს და, დაახლოებით, ასე გამოიყურება:
პური – თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი);
ლობიო – თვეში 600 გრამი;
ბრინჯი – თვეში 300 გრამი;მაკარონი – თვეში 450 გრამი;
ღორის ხორცი – თვეში 300 გრამი;
ქათმის ხორცი – თვეში 600 გრამი;
ძეხვი – თვეში 300 გრამი;
კარტოფილი – თვეში 4.5 კილოგრამი;
კომბოსტო – თვეში 1.2 კილოგრამი;
მაწონი – თვეში 750 გრამი
ამ მეთოდოლოგიის თანახმად, საქართველოში ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის ივნისში 256 ლარითა და 80 თეთრით განისაზღვრა, სამსულიანის – 288 ლარითა და 90 თეთრით, ოთხსულიანის კი – 321 ლარით. ექვს და მეტსულიანმა ოჯახმა თვეში 427 ლარი უნდა იმყოფინოს.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საარსებო მინიმუმს საქართველოს მსგავსად განსაზღვრავენ, თუმცა არსებობს სხვა მეთოდოლოგიაც. განვითარებულ ქვეყნებში საარსებო მინიმუმის განსაზღვრისას საკვებ პროდუქტებთან ერთად კომუნალურ, ასევე, ტრანსპორტისა და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებსაც ითვალისწინებენ. მხედველობაში მიიღება ინფლაციაც, საცხოვრებელი არეალის თავისებურებები, კვების კულტურა, ასევ,ე ეროვნული და სოციალური თავისებურებები.
საარსებო მინიმუმი ევროპაში.

2019 წლის მონაცემებით, ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი საარსებო მინიმუმი 2000 ევრო ლუქსემბურგშია. 1254 ევროა საარსებო მინიმუმი საფრანეთში. გერმანიაში საარსებო მინიმუმი 2019 წელს 1240 ევროს შეადგენს. 1170 ევროა საარსებო მინიმუმი ფინეთში. შვედეთში საარსებო მინიმუმი მინიმალური ხელფასის 50 %-ს შეადგენს და ის 1100 ევროს ეკვივალენტია. დასავლეთ ევროპის ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმი 645 ევრო ესპანეთშია.
აზია
იაპონიაში საარსებო მინიმუმი 900 დოლარის ეკვივალენტია, ჰონკონგში – 500 ამერიკული დოლარი. ისრაელში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 400 დოლარს შეადგენს. ორსულიანი ოჯახის (ბავშვის გარეშე) საარსებო მინიმუმი 700 დოლარია. სამსულიანი, ანუ ბავშვიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 900 დოლარი.
ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმი სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორის ინდოეთშია. დღეში საარსებო მინიმუმი ამ ქვეყანაში 40 ცენტს არ აღემატება. თვეში ეს, დაახლოებით, 11 ევროა.
ჩრდილოეთ ამერიკა – ავსტრალია
ამერიკის შეერთებულ შტატებში საარსებო მინიმუმი ყველაზე დაბალი ხელფასის ტოლფასია. 2019 წლის მონაცემებით, ეს თანხა წელილადში 15 ათას დოლარზე ნაკლები არ შეიძლება, იყოს.
ამერიკის მსგავსად, საარსებო მინიმუმი კანადაშიც მინიმალურ ხელფასზეა მიბმული. ავსტრალიის კანონმდებლობით, მინიმალური ანაზღაურება ამ ქვეყანაში საათში 11 დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ავსტრალიაში საარსებო მინიმუმი 650 აშშ დოლარის ეკვივალენტია.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები
ყველაზე დიდი საარსებო მინიმუმი აზერბაიჯანშია. 2019 წელს საარსებო მინიმუმის მოცულობა ამ ქვეყანაში 14%-ით გაიზარდა და 155 მანათი შეადგინა.(ოფიციალური კურსი AZN/USD – 1,7146 )
სხვა ქვეყნებში, საარსებო მინიმუმი დაახლოებით,თანაბარია. მაგალითად, 2019 წელს საარსებო მინიმუმმა მოლდოვაში 89 ევრო შეადგინა, ყაზახეთში – 72 ევრო. უკრაინაში სადაც 2000 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ფასები თითქმის ხუთჯერ გაიზარდა, საარსებო მინიმუმი 47 ევროს არ აღემატება. ბელორუსიაში საარსებო მინიმუმი 83 ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები