პალესტინამ ისრაელთან ყველა სამშვიდობო შეთანხმება შეაჩერა
პალესტინამ ისრაელთან დადებული ყველა სამშვიდობო შეთანხმება შეაჩერა. ამის შესახებ პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ცენტრალური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„თავს დიქტატის წინაშე არ დავხრით“, – განაცხადა აბასმა აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელების სახლების დანგრევის საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ისრაელის მიერ დადებული შეთანხმებების იგნორირების საპასუხოა.
ამასთან, აბასი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია დაიკავოს.
22 ივლისს ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ვადი-ალ-ხუმუსში სახლების დანგრევა დაიწყო. ისრაელში განაცხადეს, რომ ისინი უკანონოდ აშენდა.
იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმს 1967 წლიდან ისრაელი აკონტროლებს, რასაც პალესტინა “ოკუპაციას” უწოდებს.
პალესტინამ სახლების დანგრევის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიაწოდა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ისრაელის ქმედება დაგმო.
გარდა ამისა, სახლების დანგრევა დაგმო რუსეთმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ესპანეთმა.