ავსტრიაში გრუ-ს აგენტზე ძებნა გამოცხადდა
ავსტრიის პოლიციამ ძებნაში რუსეთში დაბადებული 70 წლის პენსიონერი გამოაცხადა, რომელიც ჯაშუშობაში არის ეჭვმიტანილი.
ამის შესახებ ავსტრიის შსს-ში განაცხადეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იძებნება 70 წლის იგორ ზაიცევი, რომელიც რუსეთის ყოფილი გრუ-სთან და ამჟამინდელ გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოსთან თანამშრომლობდა.
კაცი ეჭვმიტანილია “რუსეთის სასარგებლოდ საიდუმლო ქმედების განხორციელებაში ავსტრიის ინტერესების საზიანოდ“.
გამომდინარე იქედან, რომ საუბარია სამხედრო საიდუმლოს და სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემაზე, აღნიშნულ პირზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
მედია აღნიშნავს, რომ საქმე ეხება 2018 წლის შემოდგომას განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ავსტრიულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ყოფილი ოფიცერი, რომელიც უკვე პენსიაზეა, ავსტრიის არმიაში მსახურობის დროს, 20 წლის განმავლობაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობით იყო დაკავებული.
სავარაუდოდ, ყოფილი ოფიცერი რუსულ დაზვერვასთან 1990-იან წლებში თანამშრომლობდა, რასაც 2018 წლის ჩათვლითაც აკეთებდა.