უკრაინამ დაკავებული რუსული ტანკერის ეკიპაჟი გაათავისუფლა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებული რუსული ტანკერის ეკიპაჟი გაათავისუფლა, თვითონ გემი კი უკრაინის პორტში რჩება.
ამის შესახებ უკრაინაში რუსეთის საელჩომ განაცხადა.
რუსული ტანკერი – NIKA SPIRIT ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილში დღეს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულ ტანკერ NEYMA-ს სახელწოდება შეუცვალეს – ის, ამჟამად, NIKA SPIRIT-ია. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ NEYMA ერთ-ერთი ხომალდია, რომლის გამოყენებით 2018 წლის 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების დაკავება მოხდა.
ხომალდზე უკრაინელი გამომძიებლები, სამხედრო პროკურორები და მესაზღვრეები უკრაინის სასამართლოს მიერ სანქცირებული ქმედება ჩაატარეს – განხორციელდა ჩხრეკა, დოკუმენტაციის ამოღება, კონფლიქტისდროინდელი რადიოსაუბრების ამოღება.
მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ „ვარკვევთ მომხდარის გარემოებას ადეკვატური ზომების მიღების მიზნით. თუ საუბარია რუსეთის მოქალაქეების ტყვედ აყვანაზე, ეს კვალიფიცირებული იქნება, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და პასუხიც არ დააყოვნებს“.
შეგახსნებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში გამთენიისას რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინის სამი გემი და მათზე მყოფი ეკიპაჟის 24 წევრი დააკავა.
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი გემების გასვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი მომხდარს “პროვოკაციად” აფასებს.
უკრაინის პოზიციას გაერო-ს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალიც ეთანხმება.
დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, საზღვრის უკანონო ბრალდებით, დღემდე რუსეთის საპატიმროში რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები