საქართველოს მზაობას ავიარეისების სუბსიდირების შესახებ რუსეთი პასუხობს
რუსული ტუროპერატორები ერევნის გავლით საქართველოს მიერ სუბსიდირებულ ავიარეისებზე ტურებს არ გაყიდიან, რადგან საქართველოს ტურისტული მიმართულებაზე გაყიდვების შეჩერების რეკომენდაციაა გაცემული.
ამის შესახებ რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის პრესმდივანმა, ირინა ტიურინამ განაცხადა.
„რუსეთის ტუროპერატორებს რეკომენდაცია მისცეს, არ გაყიდონ საქართველოს მიმართულებით ტურები“, – განაცხადა ტიურინამ.
მისი თქმით, ასეთი შეთავაზება დამოუკიდებელ ტურისტებს თუ მოხიბლავს, „მაგრამ, სანამ არსებობს რეკომენდაციები, ტუროპერატორები ასეთ პროგრამებს არ გაყიდიან“.
საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.
სტიმულირების პროგრამის ფარგლებში შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს. საუბარია თითო მგზავრზე არა უმეტეს 90 ევროს ანაზღაურებაზე (დღგ-ს გარეშე).