მოსკოვი საპასუხო ზომებისთვის ემზადება – კიევმა რუსული ტანკერი დააკავა

რუსული მხარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ რუსული ტანკერის დაკავების გარემოებას სწავლობს, – ამის შემდეგ კი ადეკვატურ ზომებს მიიღებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„ვარკვევთ მომხდარის გარემოებას ადეკვატური ზომების მიღების მიზნით. თუ საუბარია რუსეთის მოქალაქეების ტყვედ აყვანაზე, ეს კვალიფიცირებული იქნება, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და პასუხიც არ დააყოვნებს“, – აღნიშნეს უწყებაში.
დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული ტანკერი – Neyma ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების ბლოკირებისთვის დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
რუსული ტანკერი ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულ ტანკერ NEYMA-ს სახელწოდება შეუცვალეს, ის, ამჟამად, NIKA SPIRIT-ია. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ NEYMA ერთ-ერთი ხომალდია, რომლის გამოყენებით 2018 წლის 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების დაკავება მოხდა.
ამჟამად, ხომალდზე უკრაინელი გამომძიებლები, სამხედრო პროკურორები და მესაზღვრეები უკრაინის სასამართლოს მიერ სანქცირებულ ქმედებას ატარებენ – მიმდინარეობს ჩხრეკა, დოკუმენტაციის ამოღება, კონფლიქტისდროინდელი რადიოსაუბრების ამოღება.
ასევე, მიმდინარეობს ეკიპაჟის წევრების დაკითხვა.
შეგახსნებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში გამთენიისას რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინის სამი გემი და მათზე მყოფი ეკიპაჟის 24 წევრი დააკავა.
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი გემების გასვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი მომხდარს “პროვოკაციად” აფასებს.
უკრაინის პოზიციას გაერო-ს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალიც ეთანხმება.
დაკავებული მეზღვაურები, საზღვრის უკანონო ბრალდებით, დღემდე რუსეთის საპატიმროში რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები